დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. # 17-ში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სამსართულიანი შენობა 1898-1901 წლებში აშენდა, 1887 წელს დაარსებული, საარტისტო საზოგადოებისათვის, პირველი გილდიის ვაჭარ, ისაია პითოევის ინიციატივით. ამ ნაგებობის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები, კორნელი ტატიშჩევი და პოლონელი, ალექსანდრე შიმკევიჩი. შენობის ფასადის მხატვრული გადაწყვეტა ბაროკოსა და როკოკოს სტილთა გამოძახილია, რაც მდიდარ დეკორატიულ გაფორმებაში ვლინდება. XX ს-ის 10-20-იან წლებში შენობის სარდაფში მოწყობილი კაფე “ქიმერიონი” პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის მხატვრულ ცხოვრებაში. 1919 წელს კაფე ცნობილმა მხატვრებმა, ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და ს. სუდეიკინმა მოხატეს.