დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ .N25-ში მდებარე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1880-1896 წლებში აიგო გერმანელი წარმოშობის პეტერბურგელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის, პროექტის მიხედვით. თეატრის შენობის გეგმა რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის ცნობილი თეატრის პროექტის მიხედვით შედგა. ახალი თეატრის აშენების იდეა, თამამშევისეული, ძველი თეატრის დაწვისთანავე (1874 წ.) დაიბადა. ფასადების მავრული სტილის სამოსელს კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი, მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, მუშარაბიანი სარკმლები, ისრული და ნალისებრი თაღები, ფართო სვეტისთავებიანი წვრილი სვეტები, სტალაქტიტებით შემკული დეკორატიული კოშკურები, ხალიჩასავით მოფენილი და არშიებად გაყოლებული ორნამენტები ქმნის. მავრიტანული სტილი გვხვდება ნაგებობის ინტერიერშიც. შენობა XIX ს-ის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.