ამბობენ
ამ შენობის დამკვეთი ალექსანდრე მანთაშევი, უმსხვილესი ნავთობის მაგნატი და ფილანთროპი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
მას დიდძალი ქონება შთამომავლობითაც ერგო და თვითონაც დააგროვა.
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მანთაშევის ბაქოს ნავთობმომპოვებელი კომპანია მხოლოდ ძმები ნობელების კომპანიასა (სადაც ასევე ჰქონდა წილი) და როტშილდების „კავკასიურ–შავი ზღვის საზოგადოებას“ თუ ჩამორჩებოდა.
ამასთან, ის ისეთი იღბლიანი ყოფილა — რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა.
როგორც ჰყვებიან, მან წამგებიანი ჭაბურღილები იყიდა, მივიდა, მიიხედ–მოიხედა, იქაურობა კარგად დაათვალიერა, მიწა ხელით მოსინჯა, დაყნოსა, მერე უცბად ერთ ადგილს ჯოხი დაარჭო და თქვა:
„აი აქ!“ — და ნავთობმა შადრევანივით ამოხეთქა.
მანთაშევი კიდევ ერთხელ მიენდო საკუთარ ინტუიციას — რომელიც არასდროს ღალატობდა — და კოლოსალური შემოსავალიც ნიაღვარივით წამოვიდა.
მანთაშევს უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, და მასზე ბევრ ისტორიას ჰყვებოდნენ:
იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს — ტფილისური იპოდრომების მფლობელ მანთაშევს — როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარი ეკიპაჟი არ ჰყავდა: ან ფეხით დადიოდა, ან ტრამვაით მგზავრობდა.
თუ რომელიმე სასწავლებელთან მოხვდებოდა, გამორჩეულად ღარიბულად ჩაცმულ მოსწავლესთან მიდიოდა, ესალმებოდა და საუბარს უბამდა. მერე ფრთხილად, ისე, რომ ყმაწვილს არ შემჩნია, ჯიბეში ფულს უდებდა.
აღსანიშნავია, რომ მანთაშევმა, სხვა უამრავ კეთილ საქმესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა თბილისის ტელეფონიზაციას.
მან სოლოლაკში მდებარე საკუთარი სახლიდან დიდუბის საცხენეებამდე პირველი სატელეფონო კაბელი გააჭიმვინა.
დეტალური ინფორმაცია
ყოფილი ხელოვნების მუშაკთა სახლი
ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა – ყოფილი ალექსანდრე მანთაშევის სახლია. გადმოცემით, მანთაშევმა იგი თავისი ქალიშვილისათვის ააშენა. აივნების მოაჯირებზე ჯერაც არის შენარჩუნებული ქალის სილუეტი. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო ხელოვნების მუშაკთა სახლი.