დეტალური ინფორმაცია
ზუბალაშვილების ქ. #6-ში მდებარე აგურით ნაშენ სამსართულიან შენობას არამარტო მომხიბვლელი არქიტექტურა, არამედ საინტერესო ისტორიაც აქვს. ის უკავშირდება ცნობილი ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ზუბალაშვილების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკოლოზ იაგორის ძე ზუბალაშვილის სახელს. იგი 1898 წელს ნიცაში გარდაიცვალა და დატოვა ანდერძი, რომლის თანახმადაც თავისი ქონების ნაწილი ღარიბთა თავშესაფრის მოსაწყობად დაუტოვა თბილისის გამგეობას. თავშესაფარში თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები - მართლმადიდებლები, კათოლიკეები და სომეხ-გრიგორიანები. ანდერძი ითვალისწინებდა თავშესაფრისათვის ახალი შენობის აგებას. შენობის პროექტი XIX საუკუნის ბოლოს თბილისში მოღვაწე ცნობილმა არქიტექტორმა მიხეილ ოჰანჯანოვმა შეადგინა; მშენებლობა 1902-1906 წლებში მიმდინარეობდა. შენობის კურთხევა 1906 წლის ნოემბერში მოხდა. სახლი განსაზღვრული იყო 60 “შეუძლო კაცისათვის’’. მის ასაგებად 104 000 მანეთი, ხოლო მოწყობაზე - 22 000 მანეთი დაიხარჯა, რაც იმხანად კოლოსალური თანხა იყო. უპოვართა სახლის, იგივე სამადლო სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სამედიცინო პუნქტი, აფთიაქი, აბაზანები, საპარიკმახერო, სამრეცხაო და სამზარეულო, მე-2 და მე-3 სართულებზე კი – საცხოვრებელი და გასართობი ოთახები. გადმოცემით ცნობილია, რომ შენობაში იდგა მოჩუქურთმებული, ძვირფასი ავეჯი. სახლის კიბეები, დერეფნები და კაბინეტები ირანული და თურქული ხალიჩებით იყო დაფარული. იქაურ მობინადრეებს, თურმე, უხვი სასმელ-საჭმელი ჰქონდათ და საკვებს დღეში 4-ჯერ გერმანული და იაპონური ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. უპოვართა სახლის მობინადრეებისთვის სამოსი და თეთრეული ჰოლანდიიდან იყო გამოწერილი. "ზუბალაშვილების უპოვართა სახლი", როგორც თავშესაფარი 1920-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, 1937 წლიდან ბოლო დრომდე, კი მასში განთავსებული იყო ბავშვთა საავადმყოფო. შენობის მთავარ ფასადს შემომწირველის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ამშვენებდა წარწერა: „ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА“. წარწერა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გაქრა ფასადიდან.
საიმდროოდ უჩვეულოდ დიდი და გაბარიტული, ლათინური ასო L-ის ფორმის გეგმარების მქონე ნაგებობა გამორჩეულია მასშტაბითაც და არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტითაც; შეულესავი აგურის ფასადებით იგი მოდერნის ‘’Art Nouveau’’ სტილის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს თბილისში. სამი რიზალიტით დანაწევრებულ, მკაცრად სიმეტრიულ და გაწონასწორებულ ფასადთა ხუროთმოძღვრული დამუშავება არ ნუვოსთან ერთად ნეოგოთიკურ არქიტექტურულ მოტივებსაც მიმართავს. მეორე და მესამე სართულის სარკმლების შემომწერი მაღალი შეისრული თაღედი, რიზალიტთა დამაგვირგვინებელ სამკუთხა ფრონტონებთან ერთად გოთიკისთვის ჩვეულ ზესწრაფულ ხასიათს ანიჭებს ფასადს. ყურადღებას იმსახურებს ცენტრალური შესასვლელის ხის ორფრთიანი კარი, მოდერნის ‘’Art Nouveau’’ სტილისთვის დამახასიათებელი ყვავილოვანი ორნამენტის ცხაურით. სადარბაზოში მნიშვნელოვანია ქვის იატაკი, კიბე და ლითონის დეკორატიული მოაჯირები.
ისტორიული შენობა 2012 წელს თბილისის განვითარების ფონდის მიერ იქნა რეაბილიტირებული. დღეს ამ შენობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობა და თბილისის განვითარების ფონდია განთავსებული.