დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ.#76 და დ. აბაშიძის ქ.#1 კვეთაზე მდგარი საკმაოდ გაბარიტული სამსართულიანი შენობა, რომელსაც ჩამოთლილი კუთხე ერკერით აქვს აქცენტირებული, კუთხითვე ეხსნება გარემოს და ყველა მხრიდან თანაბრად მოიხილვება. შესაბამისად, შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოცემულ განაშენიანებაში და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც დომინანტურ როლს ასრულებს. XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა საიმდროოდ პოპულარულ მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ესთეტიკას მისდევს, რაზეც მიუთითებს მცენარეული ორნამენტის რელიეფური ფრიზი, გირლანდების პლასტიკური ნაძერწობით შემკული სახლის პარაპეტი, ლითონის აივნების დეკორატიული მორთულობა და კედლის დეკორატიული ნალესობა. არ ნუვოს სტილთან სიახლოვე განაპირობებს შენობის საერთო პროპორციებსაც, ისევე, როგორც, ერთი შეხედვით, ასიმეტრიულ საფასადო კომპოზიციას, რომელიც ჩვეულებრივი სწორკუთხა თუ უფრო ვიწრო, წაგრძელებული სარკმლების მონაცვალებით და ლითონის აივნების განლაგებით იქმნება.
თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციისამებრ, მოცემული შენობის ევროპული სტილის ფასადს ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო ცვლის, რომელში მოხვედრაც აბაშიძის ქუჩის მხრიდან მოწყობილი შესასვლელითაა შესაძლებელი. სწორკუთხა ეზოში საცხოვრებელი სახლი ხის მოხარატებული დეტალებით დამშვენებული გალერეითა და შუშაბანდით იხსნება; აქვე აღსანიშნავია ლითონის ხვეული კიბეც. შენობის სადარბაზოებში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც აღმაშენებლის, ისე აბაშიძის ქუჩის მხრიდან. აქ ყურადღებას იპყრობს ქვის კიბეები და დეკორატიული იატაკი.
შენობის ფასადი 2012 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა.