დეტალური ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ.#17-ში მდებარე XIX საუკუნის დასასრულით დათარიღებულ სამსართულიან საცხოვრებელ სახლს საინტერესო სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურა აქვს. ჩაკეტილი ტიპის ოთხკუთხა შიდა ეზოს გარშემო ორგანიზებული შენობის ძირითადი მოცულობა განაშენიანების სიღრმეში ვითარდება, დ. აღმაშენებლის გამზირზე კი ვიწრო ფასადით გამოდის. სახლის საკმაოდ უხვადდეკორირებული ფასადი (მეორე და მესამე სართული) ბაროკოული ეკლექტიზმის არქიტექტურულ სტილს მისდევს, პირველი სართული კი პასაჟის სახით არის გახსნილი. სწორედ აქედან, ლითონის ორნამენტული ჭიშკრის საშუალებითაა შესაძლებელი სახლის შიდა ეზოში მოხვედრა, სადაც მთელს პერიმეტრზე მოწყობილი ხის ღია გალერეა-აივნებისა და შუშაბანდების კომბინაცია და ფლიგელთა დამაკავშირებელი ხისა თუ რკინის კიბეების ცოცხალი რიტმი გვხიბლავს.