დეტალური ინფორმაცია
აბანოს ქ.# 27-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაშენი, მცირე გაბარიტის მქონე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. აბანოთუბნის ხის აივნიანი სახლების მჭიდროდ განაშენიანებულ მწკრივში მდგარი ვიწრო შენობა ყურადღებას იქცევს უცნაური იერის მქონე ხის ჭვირულორნამენტული თაღოვანი მწვანე აივნით, რომლის თავზეც მეზონინის პატარა აივანი “შესკუპულა”. თბილისური მოხარატებული ხის აივნების ტრადიციული ორნამენტის გვერდით, აქ გვხვდება ვარსკვლავების, თვითმფრინავებისა და სატვირთო მანქანების გამოსახულებები, რაც აივნის გადახურვის ჭრელა-ჭრულა კრამიტთან ერთად, სრულიად უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს და მოულოდნელ ღიმილს ჰგვრის მნახველს. ამ იუმორით გაჯერებული, ორიგინალური საფასადო კონცეფციის, ისევე, როგორც სახლის ინტერიერის დიზაინის ავტორი ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე და მარიონეტების თეატრის დამაარსებელი - რეზო გაბრიაძეა. ამგვარად, მოცემული შენობა არა მხოლოდ, როგორც ისტორიული ნაგებობა, არამედ როგორც საავტორო ნამუშევარი, თბილისური ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.