დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. #93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აგებულია 1904 წელს, რომლის და ასევე მესაკუთრის შესახებაც ინფორმაციას, სახლის მესამე სართულის განაპირა მხარეს განთავსებული ინიციალებით ვხვდებით. შენობის მფლობელი თევზით მოვაჭრე, წყალობა აბაზოვი ყოფილა.
სამსართულიანი სახლი, ცენტრალურ ნაწილში ლუნეტებიანი მანსარდით სრულდება. მთავარ ქუჩაზე გამავალი ფასადი უხვად არის შემკული დეკორით. ყვავილთა გირლიანდებით, კარიატიდებითა და ყრმა ანგელოზების ქანდაკოვანი რელიეფებით დატვირთული ფასადი ბაროკალურ-ეკლექტური სტილით ხასიათდება.
სადარბაზოს შესასვლელი კარი პირველ სართულზე, ნაგებობის მარჯვენა განაპირა მხარესაა ჩასმული. (ამჟამად არსებული ხის კარი 2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოების დროს ძველი ნიმუშის მიხედვით დამზადებული ზუსტი ასლით შეიცვალა).
სადარბაზო სამივე სართულზე მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, საკმაოდ ცნობილი მხატვრის ბენედიქტ ტელინგატერისა (ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა)
და დე მარცოს მიერ. მხატვართა ხელმოწერა და თარიღი შესასვლელი კარის მარცხნივ არის მოთავსებული.