დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი  აგებულია 1904წელს.  შენობის  და მისი  მესაკუთრის  შესახებ ინფორმაციას  სახლის მესამე სართულის განაპირა მხარეს დატანილი ინიციალებით ვიგებთ.  შენობის მფლობელი თევზით მოვაჭრე, წყალობა აბაზოვი ყოფილა.
სამსართულიანი სახლი ცენტრალურ ნაწილში ლუნეტებიანი მანსარდით სრულდება. მთავარ ქუჩაზე გამავალი ფასადი უხვად არის შემკული დეკორით. ყვავილთა გირლიანდებით, კარიატიდებითა და ყრმა ანგელოზების ქანდაკოვანი რელიეფებით.  ის ბაროკალურ-ეკლექტური სტილით ხასიათდება.
სადარბაზოს შესასვლელი კარი პირველ სართულზე, ნაგებობის მარჯვენა განაპირა მხარესაა ჩასმული. (ამჟამად არსებული ხის კარი  2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოების დროს ძველი ნიმუშის მიხედვით დამზადებული ზუსტი ასლით შეიცვალა). 
სადარბაზო სამივე სართულზე მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, საკმაოდ ცნობილი მხატვრის ბენედიქტ ტელინგატერისა (ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა)
და დე მარცოს მიერ. მხატვართა ხელმოწერა და თარიღი შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს აწერია.