თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემია

დეტალური ინფორმაცია

გრიბოედოვის . N22-ში მდებარე სამხატვრო აკადემიის შენობა, იმ გამორჩეულ ნაგებობათა რიცხვშია რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ მეხსიერებაში.
შენობის ტერიტორია  ისტორიულად გარეთუბანს წარმოადგენდა, რომელიც XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებშივე   არისტოკრატიის საცხოვრებელი უბანი გახდა. ქართველი თავადაზნაურობის ნაწილმა ალღო აუღო ახალ დროებას და საკუთარ მამულებში სახლების მშენებლობა დაიწყო
1843 წელს ქუჩას კომენდანტის სახელი ეწოდა. აქ იდგა ქალაქის კომენდანტის სახლი და თითქმის დაუსახლებელი ქუჩის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, . გრიბოედოვის სახელი  1879 წლიდან დაერქვა და დღემდე შემორჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ქუჩა ზოგან არშაკუნის სახელწოდებითაც არის აღნიშნული. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ XIX საუკუნის შუა წლებში აქ ჩნდება არქიტექტორ გრიგოლ ივანოვის მიერ აგებული სასახლე თავისი ეკლესიით, რომლის მფლობელად არშაკუნების საგვარეულოს წარმომადგენელი გვევლინება
ჩვენთვის უცნობია ქონდა თუ არა კავშირი ჩვენი საკვლევი შენობის თავდაპირველ მფლობელს ირანის, პართული წარმოშობის არშაკიდთა სამეფო დინასტიიდან მომდინარე სომეხ არშაკუნიანებთან (არშაკუნები), რომლებიც სომხეთის სამეფო ტახტს განაგებდნენ V საუკუნის დასაწყისამდე. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ თბილისელი არშაკუნი, საკვლევი სახლის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე ყოფილა.. ასე მოიხსენიება იგი 1856 და 1857 წელს გრიგოლ ივანოვის მიერ შედგენილ პროექტების მინაწერებში
XIX საუკუნის შუა წლებში თბილისის საპატიო მოქალაქეობა ქონებრივი ცენზით, ან წარმომავლობით ენიჭებოდათ. გარდა გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული სასახლისა არშაკუნები  თბილისში სხვა სახლებსაც ფლობდნენ
თავად ვარდან არშაკუნი სასახლის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო, 1862 წელს გარდაიცვალა. სასახლე ერთხანს მისი ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა, მერე კი, 1869-86 წლებში არშაკუნის სასახლეში თბილისის ,,კრუჟოკი’’ (Тифлисский кружок) განთავსდა. ეს იყო გასართობი კლუბი, რომელსაც ქონდა კავკასიის მთავარმართებლის მიერ დამტკიცებული წესდება
კლუბში გაწევრიანებული იყვნენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი, გადამდგარი პირები და მათი ოჯახის წევრებიისინი ეცნობოდნენ ლიტერატურას და პრესას; იმართებოდა მეჯლისები, საოჯახო საღამოები, ცეკვები, სასცენო წარმოდგენები. ფუნქციის შესაბამისად შენობაში გამოყოფილი იყო ბიბლიოთეკის ოთახი, სასტუმრო, სასადილო, საბილიარდო, საცეკვაო და სასცენო წარმოდგენების დარბაზი. როგორც ირკვევა, თბილისის ,,კრუჟოკი’’ ამ შენობაში წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა
საყურადღებოა, რომ 1886 წლისთვის არშაკუნები აღარ ჩანან შენობის მეპატრონეებად.  XIX -ის დასასრულისთვის შენობის ერთი ნაწილის მფლობელი ნინო ქობულაშვილი გახდა, რომელმაც არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს  მისი რეკონსტრუქცია შეუკვეთა
XX საუკუნის დასაწყისში არშაკუნისეულ ძველ სახლში გაიხსნა სამხატვრო სკოლა,  მის  ბაზაზე 1922 წელს, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით, დაფუძნდა თბილისის სამხატვრო აკადემია, რომელიც ერთადერთი იყო კავკასიაში
შენობის ფასადის  გადაწყვეტა ეკლექტურია. მისი მხატვრული დამუშავება ეფუძნება კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკულ სტილიზაციას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1857 წელს გრიგოლ ივანოვის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით აგებული შენობის ქუჩისპირა ფასადზე თავდაპირველი სახე შედარებით უკეთ მარჯვენა ნაწილმა შემოინახა, ხოლო მარცხენა ნაწილი არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის მიერ 1902 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით არის გადაკეთებული
სრულიად უნიკალურია შენობის ინტერიერი, რომელიც აღმოსავლური სასახლების მდიდრული გაფორმების მსგავს ელემენტებს შეიცავს
მკვლევრების აზრით, ეს სარკეებიანი დარბაზები ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ ვირტუოზულად არის შესრულებული და გვიანირანული სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა დამუშავებული. თვალით მიჰყვები ყვავილოვანი მოტივების დეკორატიულ მოხატულობას, ანდა ძერწული თაბაშირის ორნამენტებით დაფარულ კედლებს, რომელიც თეთრი მაქმანის სისადავეს გახსენებს. სწორედ აქედან იწყება რელიეფებზე ელეგანტური სპარსული ბაროკო, ჭერზე გასული არაბესკები, დეკორის დინამიკურობა და მოქნილობა, მოტივის დაუსრულებელი გამეორება და მერე ერთიან მონუმენტურ ფერწერად გადაქცევა, სადაც არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. სულ რამდენიმე წლის წინ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც სრულიად განახლდა მისი ინტერიერი.