ამბობენ
თბილისში იტალიური ოპერის გახსნის შემდეგ, ქალაქში ევროპული და რუსული კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
1874 წლის ოქტომბერში, გაზეთ „დროებაში“, იმდროინდელმა ცნობილმა მუსიკოსებმა შემდეგი განცხადება გამოაქვეყნეს:
„ვისაც სიმღერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის სურვილი გაქვთ, ჟაბას სკოლაში გიწვევთ.
პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დილის ცხრა საათიდან დღის ორ საათამდე, ხსენებულ სკოლაში.
მსურველები დროულად უნდა ჩაეწერონ.“
ამ განცხადებამ ბევრი ადამიანი დააინტერესა და დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ სასწავლებელს საკუთარი შენობა ესაჭიროებოდა.
1891 წლის 18 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი, კომპოზიტორი და პეტერბურგის კონსერვატორიის დამაარსებელი — ანტონ რუბინშტეინი.
იგი ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ალოიზ მიზანდარის, პედაგოგი და ახლო მეგობარი იყო.
სწორედ იმ დროს გადაწყდა, რომ სასწავლებლის ასაშენებლად აუცილებელი იყო ფონდის დაარსება.
სახსრების მოსაზიდად, 12 აგვისტოს, ოპერის თეატრში ანტონ რუბინშტეინმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
ამბობენ, რომ პაპანაქება სიცხის მიუხედავად, კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო.
მუსიკოსმა კონცერტიდან შემოსული თანხა — 2,160 მანეთი — მთლიანად ფონდში გადარიცხა და ამ ქმედებით საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდა.
მისმა ამ ნაბიჯმა გაამართლა და მოგვიანებით სასწავლებლის ფონდში უკვე 58,000 მანეთი შეგროვდა, რაც სრულიად საკმარისი იყო ახალი სასწავლებლის ასაშენებლად.
ასევე ამბობენ, რომ რამდენიმე წლით ადრე, თავად ანტონ რუბინშტეინს პეტერბურგის კონსერვატორიის დასაარსებლად საქველმოქმედო კონცერტი გაუმართავს, რომელშიც ალოიზ მიზანდარსაც მიუღია მონაწილეობა.
1891 წელს კი რუბინშტეინმა, თითქოს, მადლობა გადაუხადა ქართველ მეგობარს.
მუსიკალური სასწავლებლის ბაზაზე, მოგვიანებით, თბილისის კონსერვატორია დაარსდა.
თბილისის კონსერვატორიის ოფიციალურ დაბადების დღედ მიიჩნევა 1917 წლის 1 მაისი.
ეს იყო საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი და წლების განმავლობაში — ამიერკავკასიაში ევროპული ტიპის ერთადერთი მსგავსი დაწესებულება.
შენობა მას შემდეგ მრავალჯერ გადაკეთდა.
დეტალური ინფორმაცია
გრიბოედოვის ქ-ზე N8-10-ში მდებარე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ყოფილი, მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901 - 1904 წლებში, პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აიგო. 1917 წლიდან სამუსიკო სასწავლებლის შენობაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ დაიდო ბინა. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა, გეგმით კუთხისებრია. შენობა აგებულია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით.
მთავარი ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული - მაღალი პილასტრები კორინთული ორდერით, რომლებიც ნაგებობის ორ სართულს აერთიანებს, სარკმლის სამკუთხა ფრონტონები, დეკორატიული კარნიზი.
შენობის მთავარი ფასადი, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე გამოდის სისადავით და მონუმენტურობით გამოირჩევა.