დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. N 27-ში მდებარე კადეტთა კორპუსის შენობა, ქალაქის ისტორიული მეხსიერებისათვის უმნიშვნელოვანესია., 1871 წელს აქ დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა, ხოლო 1875 წლის 7 ივლისს სამხედრო გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც უკვე 200 მოსწავლე სწავლობდა. მის ბაზაზე 1882 წელს კადეტთა კორპუსი ჩამოყალიბდა. სასწავლებელს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟის, უკვე გარდაცვლილი, მიხაილ რომანოვის სახელი მიენიჭა.
სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. თუმცა, მაინც ოფიცერთა ოჯახების შვილები ჭარბობდნენ, რომლებისთვისაც სამხედრო ცხოვრება, ღირსება თუ მოვალეობა უცხო არ უნდა ყოფილიყო.
კორპუსის საშტატო ადგილი 262 კაცისთვის იყო გამოყოფილი, რომლის სრული დაფინანსება 32 850 რუბლს შეადგენდა. დამატებითი თანხა, სხვადასხვა კონფესიების მღვდელთმსახურთა მომსახურების ხარჯს ითვალისწინებდა.
არასწორი რელიეფის გამო, შენობა დასავლეთ მხარეს ორ სართულიანი, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამ სართულიანია. საფასადო კომპოზიციის პირვანდელი სახე სადა ფსევდო - კლასიცისტური გადაწყვეტითა და ძუნწი სამკაულით ხასიათდება. საფასადო დანაწევრება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთას გულისხმობს: შენობა თავისი არქიტექტურული სისადავის, მონუმენტურობის გამო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს XIX საუკუნის თბილისურ არქიტექტურაში.