დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ.# 27-ში მდებარე ისტორიული კადეტთა კორპუსის შენობა, ქალაქის ისტორიული მეხსიერების უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, მისი ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სკოლა 1875 წლის 7 ივლისს სამხედრო გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც უკვე 200 მოსწავლე სწავლობდა. აღნიშნული გიმნაზიის ბაზაზე კი, 1882 წელს კადეტთა კორპუსი ჩამოყალიბდა. სასწავლებელს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნაბოლარა ვაჟის, უკვე გარდაცვლილი მიხაილ რომანოვის სახელი მიენიჭა.სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. თუმცა მაინც ოფიცერთა ოჯახების შვილები ჭარბობდნენ, რომლებისთვისაც, წესითა და რიგით, ისედაც ნაცნობი უნდა ყოფილიყო სამხედრო ცხოვრება, ღირსება თუ მოვალეობა.
კორპუსის საშტატო ადგილი 262 კაცისთვის იყო გამოყოფილი, რომლის სრული დაფინანსება 32 850 რუბლს შეადგენდა. დამატებით გამოყოფილი ხარჯი, სხვადასხვა კონფესიების მღვდელთმსახურთა მოსახურების თანხას ითვალისწინებდა.არასწორი რელიეფის გამო, შენობა დასავლეთ მხარეს ორი სართულით, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამი სართულით არის წარმოდგენილი. საფასადო კომპოზიციის პირვანდელი სახე სადა ფსევდო - კლასიცისტური გადაწყვეტითა და ძუნწი სამკაულით ხასიათდება. საფასადო დანაწევრება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთას გულისხმობს: შენობა თავისი არქიტექტურული სისადავის, მონუმენტურობის გამო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისურ XIX საუკუნის არქიტექტურაში.