დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის გამზ. N131-132-ში მდებარე ნაგებობა XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება და ქუჩის განაშენიანებაში ერთ-ერთ მნიშნელოვან ობიექტს წარმოადგენს. უხვადდეკორირებული ეკლექტიკური სტილის ფასადს სიმეტრიულად ანაწევრებს კარ-სარკმლის ღიობები, რომლის გარშემოც კონცენტრირებულია პლასტიკური შემკულობა, ძირითადად ბაროკოს არქიტექტურული მოტივები: გირლიანდები, მცენარეული და გეომეტრიული ფიგურები თუ ორნამენტები. აღსანიშნავია შენობის სადარბაზო, სადაც დახვეული ლითონის აჟურული კიბე იქცევს ყურადღებას.
შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ, სახლის ევროპული სტილის ფასადს ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო ცვლის, სადაც, გვიანდელი ჩარევისა და გადაკეთების მიუხედავად, დღემდეა შემორჩენილი ხის აივნის გარკვეული ნაწილი.