დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. #138-ში მდებარე შენობაში უკანასკნელ დრომდე რკინიგზის ინსტიტუტი იყო განთავსებული. შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში, ხოლო მეოთხე სართული მას მოგვიანებით, 1934 წელს დააშენეს. ატიკის სართული, რომელიც აშკარად საბჭოთა ესთეტიკას ატარებს, სრულდება პარაპეტით, სადაც საბჭოთა კავშირის ღერბის - ნამგლისა და უროს გამოსახულებასთან ერთად განთავსებულია რუსული წარწერა: ,,ЗАК ИНСТИТУТ ИНЖ ПУТЕЙ СООБШЕНИЯ’’.
ნაგებობის უხვადდეკორირებული ეკლექტიკური სტილის ფასადი ფსევდო ბაროკული არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული და საკმაოდ პომპეზურად გამოიყურება. სწორკუთხა ფორმის კარ-სარკმლის რიგები ერთმანეთისგან გიგანტური პილასტრებითაა გამოყოფილი. ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიული ფორმის ერკერია მოთავსებული, რომელიც კორინთული ორდერის სვეტებითა და სხვადასხვა დეკორით არის შემკული. თითოეული ღიოები ასევე გაფორმებულია ფორნტონებითა თუ გირლიანდებით. ზოგადად, შენობის დეკორში ყვავილოვან მცენარეულ მოტივებზე აგებული დეკორი სჭარბობს. საფასადო გადაწყვეტის თავისებურებას წარმოადგენს გვერდითა რიზალიტების კედლის სიბრტყეში “ჩაძირული” აივნები. მოცემული შენობა არსებით როლს თამაშობს გამზირის მოცემული მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.