დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.  N170-ში მდებარე XX საუკუნის დასაწყისის შენობა 1990 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამის შემდეგ  რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გაამაგრეს და იქ თბილისის 27- საჯარო სკოლა განთავსდა
დაგეგმარებით ხაზოვანი შენობის აღმაშენებლის გამზირზე გამომავალი მთავარი ფასადი ორ განაპირა რიზალიტური შვერილით დგას წითელ ხაზზე, ხოლო სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული ერკერით გაფორმებული მოცულობა სიღრმეშია შეწეული. დიდი ღიობებით, ცრუ თაღებში მოქცეული ლოჯიებით, ტერასული გადახურვის მქონე პორტიკით და ძუნწი დეკორით დამშვენებული შენობა ეკლექტიკურია, თუმცა მასში იოლად ამოიცნობა მოდერნის      ‘’Art Nouveau’’ სტილის ნიშნები, და არტ-დეკოს ზეგავლენაც. საფასადო მორთულობა საკმაოდ სადაა; მის ჩამონათვალში შედის ვარდულებითა და ყვავილოვანი გირლანდებით შემკული მედალიონები და ქონგურები. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი სადარბაზოს უჯრედი, რომელსაც პორტიკის სახე აქვს მიცემული. სადარბაზო-ვესტიბიული მოზაიკური იატაკითა და რკინის მოაჯირიანი მარმარილოს კიბეებით არის გაფორმებული.