დეტალური ინფორმაცია
პ.მელიქიშვილის ქ. #1/3 -ში მდებარე საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი აგებულია 1894-1896 წლებში რუსი არქიტექტორის ა. ოზეროვის პროექტის მიხედვით. ნაგებობა ე.წ. ეროვნული სტილის ნიმუშს წარმოადგენს, ანუ ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავება ქართულ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას მიმართავს და შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ფორმებსა და დეკორატიულ მოტივებს იყენებს. აღსანიშნავია, რომ ქართული ხუროთმოძღვრების მოტივთა გამოყენების ცდები 1880-იან წლებში იჩენს თავს, რაც უცხოელ არქიტექტორთა მიერ ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებთან და ესთეტიკასთან დაახლოვებით და ქვეყნის მხატვრულ-ისტორიულ კონტექსტში უკეთ ინტეგრაციის სურვილით უნდა აიხსნას.
განივ ღერძზე წაგრძელებული შენობა, საერთო აბრისითა თუ ორ და ცალქანობა გადახურვათა კონფიგურაციით, ორ ურთიერთგადამკვეთ სამნავიანი ბაზილიკას ჰგავს. ქართულ ეკლესიებთან მსგავსება ხაზგასმულია ფასადის სკულპტურული შემკულობითაც, რომლის მთავარი თემა ლილვებით მოხაზული დეკორატიული თაღებია. შუა საუკუნეების ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების ორნამენტული მოტივები გვხვდება სარკმლის საპირეზე, კარნიზებსა და დეკორატიული თაღის იმპოსტებზეც. (კედლები აგურისაა, სვეტები და თაღები თეთრი თლილი ქვისა).
ნაგებობის გამორჩეულ მხატვრულ-არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს სარდაფი თავისი დიდი, ხალვათი სივრცეებითა და აგურის უზადო წყობით ამოყვანილი საბჯენი მშვილდა თაღებით.