დეტალური ინფორმაცია
დავით აღაშენებლის გამზ.#123-ში მდებარე "ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი" -ს ისტორია საკმაოდ დიდია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან იწყება. 1915 წელს, აქ კინოთეატრი "პალასი" გაიხსნა.
1918-1921 წლებში საქართველოში ოცზე მეტი კინოთეატრი არსებობდა: „აპოლო“, „პალასი“, „ოდეონი“, „კოლიზეი“, „მუზა“, „მულენ-ელექტრიკი“, „კინოტიტანიკი“, „ილუზიონი“, „ამირანი“ და სხვ. თბილისის კინოთეატრებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩვენებდნენ. ფილმებში მონაწილეობდნენ: ვივიენ მარტენი, მოჟუხინი, ლისენკი, მარია კარმი და სხვ. მოსკოვში გადაღებულ ფილმებში ძირითადად ქართველი მსახიობები: ლადო ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე ალექსი-მესხიშვილი, თამარ გედევანიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი და სხვ. მონაწილეობდნენ.
კინოთეატრი „პასალი“ 1930-1931 წლებში, კინოთეატრ „ამირანად“ გადაკეთდა. ხოლო, მე XX -საუკუნის მეორე ნახევარში, მასში ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი გაიხსნა. საგულისხმოა ის, რომ რეკონსტრუქციისას სრულიად შენარჩუნდა ძველი შენობის პირველი სართული და მისი უნიკალური ინტერიერი, რომელიც ევროპული საზოგადოებრივი შენობების მსგავსად, ძალზედ საინტერესო სურათს გვთავაზობს.
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. სწორედ მისი იდეა იყო, შექმნილიყო ისეთი დარბაზი, რომელიც სიმფონიური მუსიკისთვის შესაფერის სივრცეს შექმნიდა. საგულისხმოა ის, რომ ამ იდეის განხორციელებას ძველი შენობა არ შეეწირა, არამედ ის მაქსიმალურად ჩაერთო ახალი სივრცის კონტექსტში (არქიტექტურული პროექტის ავტორები ლ. მეძმარიაშვილი, მ. ჩაჩანიძე).
ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრი, უდიდეს როლს თამაშობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.