დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

საარქივო მასალების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც ნაგებობაა განთავსებული გერმანელი ლუიზა  მადერის საკუთრებას წარმოადგენდა.  მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გერმანული გვარია. მათი წინაპრები აქ პირველ კოლონისტებთან ერთად ჩამოვიდნენ. ფრიდრიხ და ხრისტიან მადერები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომელთაც 1824 წელს ქალაქის პოლიციაში შეიტანეს თხოვნა გასაქირავებელი ეკიპაჟების შენახვაზე. 1850-60-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ კარეტებისა და ეკიპაჟების ოსტატები და მთავარი მიმწოდებლები თბილისში.  1850 წლიდან მადერები ასევე აწარმოებდნენ ლუდს, რომელიც წარმატებით იყიდებოდა მთელ კავკასიაში. 1900-იან წლებში ლუდის ქარხნის მფლობელი ლუიზა მადერი გახდა, ამავე პერიოდში ლუიზა მადერმა გახსნა სასტუმრო „მადერი“, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა.ამდენად როგოც ჩანს მადერები იმდროისნდელ თბილისში მნიშვნელოვან სოციალურ ფენას წარმოადგენდა, მათ შორის ლუიზა მადერი აწარმოებდა ლუდს, რომლის სარეკლამო აბრებიც იმდროინდელ პერიოდიკაშია დაბეჭდილი. ლუიზა მადერი იყო პირველი კომერსანტი, რომელმაც ჩვენს თბილისში ლუდის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშტრები მხოლოდ გერმანელი კოლონისტები იყვნენ, მაგრამ შემდეგ შავი და ნაკლებად ხარისხიანი სასმლით სავსე ტოლჩების დაგემოვნება დანარჩენმა თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმაც დაიწყეს. თუმცა მადერები ლუდს კუსტარულად ასხამდნენ. საქართველოში პირველი ლუდის ქარხანა შეძლებულმა გერმანელმა კაპიტალისტმა და თბილისში მდიდრული სასტუმროს მფლობელმა ფრიდრიხ ვეტცელმა გახსნა.
ცხადია რომ ლუიზა მადერი, იმდროისთთვის გერმანელების კოლოინიაში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და შენობის მფლობელი იყო. მათ შორის უშუალოდ ჩვენთვის საინტერესო ნაგებობაც მის საკუთრებას წარმოადგენდა. 
საარქივო ფოტოზე ჩანს, რომ აქ არსებული შენობის ფასადი, საკმაოდ მდიდრულად იყო გაფორმებული,  და შენობაც, მიმდებარედ არსებული ნაგებობის მსგავსად, ძლიერი მხატვრულ-არქიტექტურული გამომსახველობით გამოირჩეოდა. 1930-იან წლებში „სახკინმრეწვის“ მშენებლობის დროს როგორც ჩანს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მისი ფასადი მოიხსნა და სრულიად შეიცვალა. თუმცა შენობის ისტორიული მეხსიერება სრულად დარჩა მის ინტერიერში, რომელიც  მდიდრულ სასახლეს გვაგონებს.  

სრულიად უსახური ექსტერიერის შემდეგ, მოულოდნელი და რადიკალურად განსხვავებულია ინტერიერი, რომელში შესვლაც მდიდრულად მოჩუქურთმებული, ფსევდო-ბაროკალური კომპოზიციით გადაწყვეტილი ხის კარით არის შესაძლებელი. სადარბაზო-ვესტიბიული ვრცელ ჰოლსა და უხვად განათებულ კიბის უჯრედს მოიცავს. უშურველი მხატვრულ-დეკორატიული გაფორმება ინტერიერის ყველა ელემენტს აერთიანებს: პროფილირებული კარნიზით გაფორმებულ ჭერს, კორინთული ორდერითა და თაღებით დანაწევრებულ კედლის ზედა ნაწილებს, მარმარილოთი მოპირკეთებულ მოზაიკურ იატაკსა და კიბეებს. სადარბაზოს დამატებით ღირსებას წარმოადგენს ანტიკური სარკე კიბის მარშების გამაერთიანებელ მოედანზე, დახვეწილი დიზაინის მქონე, კიბის ლითონის მოაჯირი და კედლის ნიშებში მოთავსებული ვენერასა და ჰერმესის ანტიკური ქანდაკებების ასლები. 
 
ვესტიბიულის ნაძერწი პლასტიკა _ კორინტული პილასტრების ბაზისები და კაპიტელები, კარებების თავზე განთავსებული საჭექი ქვები, კარნიზის პროფილირება, პირველი სართულის კედლებზე მოწნული ორნამენტით გამოყვანილი ჩარჩოები _ ოქროთი მოვარაყებულია (მოითხოვს გაწმენდას). სადარაბზო ჰოლის უხვ განათებას უზრუნველჰყოფს მეორე სართულის დონეზე, სამხრეთ კედელში გაჭრილი უზარმაზარი ორდგარიანი, თაღოვანი მოყვანილობის სარკმელი. კიბის უჯრედი ქვეშ, უკანა ეზოში გამავალი ფართო კარია მოთავსებული, რომელიც სადარბაზოსთან მოკლე მარმარილოს კიბით არის დაკავშირებული. შენობის ინტერიერის ოთახებში დაცულია შენობის ავთენტური მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული ბუხრები.  შემორჩენილია ასევე თავდაპირველი შიდა ეზოს სტრუქტურაც, შუშაბადები და დეკორატიული ელემენტების სახით.
შენობა უდიდესი ისტორიული მეხსიერების მატარებელია, უდაოა, რომ მას მნიშვნელოვანი არქიტექტორი ჰყავდა, რომლის იდენტიფიცირებაც დამატებით კვლევას მოითხოვს.