დეტალური ინფორმაცია
თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში 1910 წელს რუსი არქიტექტორის ა. ოზეროვის პროექტის მიხედვითაა აგებული. შენობის პლასტიკური სამკაულები კი შესრულებულია თბილისელი ოსტატის, ავეტიკ ცშმარიტიანის მიერ. საშემოსავლო სახლი ეკუთვნოდა საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედს, კომერსანტსა და ბიზნესმენს - მიქაელ არამიანცს. გადმოცემის თანახმად, არამიანცს სახლი მისზე ორჯერ უმცროსი საყვარლისთვის - ევგენიასთვის აუშენებია. საბჭოთა პერიოდში მ. კოსტავას (ძველად ოლღას) ისტორიული ქუჩის გაგანიერების მიზნით, მოცემულ მწკრივში არსებულ ნაგებობათა პირველი სართულების დონეზე პასაჟი მოეწყო, რასაც, ცხადია, შეეწირა შენობათა თავდაპირველი იერსახე; სხვა მხრივ, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 12-ის ფასადი სრულიად ავთენტური სახით არის ჩვენამდე მოსული.
არტ ნუვოს (Art Nouveau) სტილის საკმაოდ ეკლექტიკური შენობა ამჯერად ჩრდილოეთ ევროპული არქიტექტურის მოტივებს მიმართავს, რაზეც აშკარად მიუთითებს ფასადის მხატვრული გადაწყვეტა, მათ შორის: კარ-სარკმელთა ღიობების გადანაწილება თეთრი აგურით მოპირკეთებულ კედელზე, პირამიდისებური წოპწოპა სახურავით დაგვირგვინებული კოშკისებური მოცულობა, ფახვერკის სამშენებლო ხერხის იმიტაციის მქონე რიზალიტი, ხის აივნის მხატვრული დამუშავება, რკინის აჟურული აივნების ნახატი და თვით კედელზე ალაგ-ალაგ, ძუნწად მოცემული ქვაზე კვეთილი რელიეფები. საფასადო შემკულობის გამორჩეულ ელემენმტს წარმოადგენს კოშკისებური მოცულობის კუთხეში განთავსებული, ორ ფეხზე შემდგარი დათვის ბელის ქვის სკულპტურა, რომლის შემჩნევაც ერთი შეხედვით რთულია. შუასაუკუნეობრივი იერის მქონე რომანტიკული განწყობით გაჟღენთილი შენობა უცხოდ და უჩვეულოდ გამოიყურება თბილისის ურბანულ გარემოში, თუმცა, უთოდ, მისი ერთ-ერთი მარგალიტია.