დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის #121-ში მდებარე სახლის მეპატრონეები, თავდაპირველად გერმანელი ძმები ფორერები ყოფილან, რომელთაც სამსართულიანი საკუთარი სახლის მშენებლობა განუზრახავთ. ამისთვის არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი მოუწვევიათ, რომელმაც შენობა 1910 წელს დააპროექტა. ძმები ფორერები XIX ს-ის ბოლოდან უდიდეს კომპანიას ხელმძღვანელობდნენ არა მარტო კავკასიაში, არამედ მთლიანად რუსეთის იმპერიაში. ფორერები ფლობდნენ ღვინის, კონიაკის, ლუდის მსხვილ საწარმოებს წისქვილებს, ცხენების მეურნეობებს, სავაჭრო სახლებს და მაღაზიებს. ფორერებს სავაჭრო სახლები და მაღაზიები ასევე რუსეთის დიდ ქალაქებშიც ჰქონდათ. მათი კომპანია შავი ზღვის პორტების საშუალებით აგზავნიდა ნაწარმს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მდიდრულად გაფორმებული სახლს ქალაქგეგმარებითი ფუნქციაც აკისრია, ის ორი ქუჩის კუთხეზეა განთავსებული და დიდწილად აყალიბებს კიდეც მათ.