დეტალური ინფორმაცია
დ.აღმაშენებლის გამზ. #21-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაგები, მოკრძალებული ზომის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის შუა ხნით თარიღდება; იგი აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი უადრესი ნაგებობაა. შენობის ვიწრო ფასადის ერთადერთ არქიტექტურულ მახვილს ხის აივანი ქმნის. ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი კილისებური თაღები და ჭვირული მოაჯირი, ისევე როგორც მეორე სართულის თაღოვანი კარ-სარკმლები, სახლის სიძველეზე მიუთითებს (შენობა 2016 წელს იქნა რესტავრირებული). როგორც ცნობილია, XIX საუკუნის ადრეული ხანის ტფილისისათვის სახასიათო ხის აივნიანი სახლები, საუკუნის ბოლოსკენ ევროპულ ყაიდაზე გამართულმა, უფრო მსხვილმასშტაბიანმა შენობებმა ჩაანაცვლა, რამაც დროთა განმავლობაში ქალაქს საგრძნობლად უცვალა იერი.