დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის გამზირისა #1-3 და მოსე გოგიბერიძის #2 ქუჩის კუთხეში მდგარი ორსართულიანი შენობა, რომელიც რეალურად მოედანზე გამოდის, მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი, ისტორიულ-კულტურული და მხატვრული თვალსაზრისით. რუსტის დეკორატიული ლესვით დაფარული შენობის ევროპულ ყაიდაზე გამართული ფასადები ბაროკოული ეკლექტიზმის ნიმუშს გვთავაზობს, რაზეც მიუთითებს კანელურებიანი პილასტრები, კარ-სარკმელთა სანდრიკებიანი თავსართები და სახლის დამაგვირგვინებელი ბალუსტრადიანი პარაპეტი შვერილი ფრონტონებით, რომელთაც ლომისთავიანი მასკარონები ამშვენებს.