დეტალური ინფორმაცია
შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობა, თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო და ადრეული კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომლის მსგავსი სულ რამოდენიმეა გადარჩენილი ქალაქში. შენობა, სწორედ ისტორიული მეხსიერების, უმაღლესი მხატვრულ-არქიეტქტურული ღირებულების გამო,
თავადაა ერთგვარი „სამუზეუმო ექსპონატი “ რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მე 19 საუკუნის 20-იან წლებში, პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი, მრეწველი იაკობ ზუბალაშვილი, ქალაქის ცენტრში აზნაურ თურქესტანიშვილისგან საკმაოდ დიდი ზომის, ერევანსკის მოედნისა და სალდათის ბაზარს შორის მოქცეულ მიწის ნაკვეთს ყიდულობს.
რომელიც სამხრეთის მხრიდან პუშკინის ქუჩის, დასავლეთით ლორის მელიქოვის, ჩრდილოეთით გრაფის, ხოლო აღმოსავლეთით გრაფის ქუჩის მცირე ჩიხით შემოისაზღვრებოდა. ქუჩებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის ფორმა თავისთავად განისაზღვრებოდა არსებულ ქუჩათა ქსელით. 1930-იანი წლებისთვის, იაკობ ზუბალაშვილი, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გადაწყვეტს, რომელსაც თბილისში მოწვეულ არქიტექტორს, ჯუზეპე ბერნარდაცის, უკვეთავს. იტალიური წარმომავლობის არქიტექტორი და ტოპოგრაფი ჯუზეპე ბერნარდაცი (1788-1840), თავის ძმასთან, ქვისმთლელ და არქიტექტორ ჯოვანისთან (1782-1842) ერთად, ჩამოდის საქართველოში და სასტუმრო “პალასს” აშენებს
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერი სემინარია მოეწყო. 1921 წელს სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასმა“ დაიდო ბინა. 1950 წელს შენობაში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მასში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი განთავსდა.
ტრაპეციის გეგმის მქონე სამსართულიანი შენობა სამ ქუჩას შორის, მთელ კვარტალს იკავებს. მისი მთავარი ვიწრო და სიმეტრიული ფასადი, შვერილი პორტიკით, პუშკინის სკვერისკენ არის მიმართული. სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული პორტიკის პირველ სართულს თაღედი წარმოადგენს, რომელსაც მეორე სართულის გიგანტური, იონიური კაპიტელებით შემკული კოლონადა ეყრდნობა. სვეტებს შორის ტერასის შემომსაზღვრელი ბალუსტრადაა მოთავსებული. ტერასაზე გამავალი თაღოვანი ღიობები სადა საპირეებით არის შემკული. ღიობებს შორის ასევე გიგანტური იონიური კაპიტელებით გაფორმებული პილასტრებია დატანილი, რაც თითქოს პორტიკის სურათს იმეორებს. პორტიკის ორსავ მხარეს, სამივე სართულზე, თითო-თითო სარკმელია მოქცეული. ისინი, ისევე, როგორც ლ. გუდიაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩისკენ მიმართული მონუმენტური ფასადებზე, მწკრივებად განლაგებული სარკმლები, საჭექი ქვებითა და სადა, რკალური, ერთიან კარნიზში მოქცეული ფრონტონებით არის გაფორმებული. პუშკინის ქუჩის მხარეს ფასადზე უხვად გვხვდება ცრუ სარკმლები. მესამე სართულზე განლაგებული კვადრატული ფანჯრები შეუმკობელია. პუშკინის ქუჩის მიმყოლ ფასადზე მოქცეულ რკალური ფრონტონებით შემკულ სარკმლებს სწორკუთხა და სამკუთხა ფრონტონების მონაცვლეობითი რიგი ერთვის. აღნიშნულ მხარეს, რელიეფის დაფერდების გამო, დამატებითი სართული ემატება, რომელზეც შეუმკობელი სადა ფანჯრებია განთავსებული. შენობის უკანა,ქუჩისკენ გამავალ ფასადს სადა, სხვადასხვა ზომის, სიმეტრიულად განაწილებული ფანჯრები და ცრუ სარკმლები წარმოადგენს. რუსტირებულ პირველ სართულს დაყრდნობილ ნაგებობას მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებულ ფრიზთან ერთად პროფილირებული კარნიზი ასრულებს. აღწერილ მსხვილმასშტაბიან შენობას კარგად გააზრებული ფასადი აქვს, რომლის მხატვრულ გადაწყვეტაზეც სავარაუდოდ, მისმა ფუნქციამ იქონია გავლენა. სარკმლის სხვადასხვაგვარი შემამკობლების მონაცვლეობით წარმოქმნილი რიტმიკა, ექსტერიერს, მრავალფეროვნებასთან ერთად, სიმყარესაც სძენს. პუშკინის ქუჩისკენ მიმართულ ფასადს კი მძიმე რუსტირებული პირველი სართული და სარკმლებს შორის დარჩენილი კედლის სიბრტყეები მას მასშტაბურის გარდა, მონუმენტურსაც ხდის.
მუზეუმის ექსპოზიციებსა და ფონდებში, დაცულია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ტილოები, XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მხატვრების(ლუკას კრანახი, შარდენი და სხვ.)ნამუშევრები, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების, მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.