დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დ. აღმაშენებლის გამზირისა და დ. აბაშიძის ქუჩების კუთხეში. შენობა აგურით არის ნაგები, შელესილია, ხოლო სახურავის მასალად გამოყენებულია ლითონი. აღმაშენებლის გამზირის მხარეს გამოდის მთავარი ფასადი, რომელიც გაფორმებით სრულიად განსხვავებულია აბაშიძის ქუჩის სადა, სრულიად მოურთავი ფასადისაგან, რომლის კედლის სიბრტყესაც მხოლოდ მეორე სართულის სწორკუთხა ფანჯრები და კარი არღვევს. სახლი ორსარსართულიანია. აღმაშენებლის ქუჩის მხარეს წარმოდგენილი ფასადი სიმეტრიულია, სტილური თვალსაზრისით კი კლასიზიცმის ნიშნების შემცველი. შენობის პირველი სართული რუსტირებულია, ფართო ღიადებით დანაწევრებული. აქვეა სადარბაზოში და ეზოში შესასვლელი კარებიც (ხის, ლითონის ჭიშკარი). პირველ სართულზე მდებარეობს სხვადასხვა სავაჭრო დანიშნულების ობიექტი. მეორე სართულს სწორკუთხა ფანჯრების თანაბარზომიერი რიტმი გასდევს. ფანჯრები სადა, პროფილირებული საპირეებითა შემოსაზღვრული და ერთმანეთის მონაცვლეობით ფრონტონისებრი და მშვილდა თაღებით მოსაზღვრული, დეკორატიულად გაფორმებული სანდრიკებით სრულდება. ფასადს გასდევს რელიეფური, დეკორატიული ორნამენტებით შემკული კარნიზი და პარაპეტი, რომელიც ფასადის კიდეებში ატიკებით სრულდება. ფასადის მორთულობას შორის აღსანიშნავია ქალის თავის სკულპტურული გამოსახულება, რომელიც მთავარი ფასადის სადარბაზოს ხის კარის თავზეა ჩართული. შენობის ეზოში სწორკუთხა ლითონის ჭიშკარი შედის. ეზო გეგმით მართკუთხაა. ამ მხარეს სახლის ფასადი სახეცვლილია მაცხოვრებლების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად. შენობას 4 მცირე მინაშენი აქვს. შენობა მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი და ქუჩის სივრცითი განაშენიანების თვალსაზრისით. აგრეთვე ქალაქის/ქუჩის ისტორიული იერსახის შექმნისთვის. მისი ფასადის მორთულობა ლოგიკურად თავსდება მახლობელი შენობების და ქალაქის თანადროული შენობების გაფორმების წრეში. ამდენად, ძეგლზე დასაშვებია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.