დეტალური ინფორმაცია
ფურცელაძის ქ.# 6-ში მდებარე შენობა, ერთ-ერთი დომინანტია მიმდებარე მსხვილმასშტაბიან განაშენიანებაში, რომელიც თავისი მორგებული პროპორციითა და სტრუქტურით, კარგად ეწერება კვარტლის საერთო სურათში.
ქუჩათა კვეთაზე, კუთხეში აგებული მასშატაბური, ოთხსართულიანი შენობის ფასადები ასიმეტრიულია და მასზე მოთავსებული აჟურული, მუცლიანი და სწორხაზოვანი აივნები ყოველგვარი სისტემის გარეშეა განაწილებული, რაც მას, თითქოს ცოცხალსა და მრავალფეროვანს ხდის. აღნიშნულ, ერთი შეხედვით ქაოტურ სურათს, სარკმლების თანმიმდევრული და სისტემაში მოყვანილი რიგები უპირისპირდება და კომპოზიციას წონასწორობას მატებს. გუდიაშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადის განაპირა კიდეებში, ზედა სამ სართულზე, წყვილი ღიობებია, რომელთაგან ზედა ორ სართულზე აივნებია მოწყობილი. მეოთხე სართულზე მიჯრით განლაგებულია ვიწრო ფანჯრები, რაც ფასადს რიტმულს ხდის. ისინი ფურცელაძის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზეც გრძელდება.
ამავე მხარეს, ქვედა სართულებზე, თანაბარი დაშორებით დატანილია სარკმელი. მათ სადა საპირები შემოსაზღვრავს და მსუბუქ კრონშტეინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროები ამკობს. მესამე სართულის ღიობებსა და თაროებს შორის მოქცეულ მართკუთხა სეგმენტებზე მცენარეული ცენტრული კომპოზიციის მქონე სურათია დატანილი. სარკმლებქვეშ კი გირლიანდებია მოთავსებული.
ფასადების კიდეებში, სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ელემენტით, რიზალიტები გამოიყოფა. მათ კომპოზიციებს უხვი მცენარეული, ცენტრში მოქცეული არსებების გამოსახულებებით განსაზღვრული სურათი ერთვის. სარკმლების რიგში, გარკვეულ მონაკვეთებზე, ვერტიკალურ ღერძზე განლაგებული მცენარეული გამოსახულებებია მოთავსებული, რაც ფანჯრების თანმიმდევრულ, მონოტონურ რიგს მრავალფეროვნებას სძენს. აღნიშნული სისტემით ფასადის მესამე და მეოთხე სართული იმკობა. სახლს კბილანებიანი და იონიკური კარნიზი აბოლოებს, რომელსაც ატიკები ერთვის. შენობა უხვად არის დეკორირებული მცენარეული საფარით, რომლის შეპირისპირებაც კედლის სადა, ჰორიზონტალურ რუსტთან, დინამიკას მატებს ფასადს.