დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.#148-ში მდებარე ორსართულიანი აგურის შენობის ყველაზე ადრეული ნაწილი XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება. ეს იყო იუნკერთა სასაწავლებელი, რომელიც 1866 წლის იანვარში გაიხსნა, როგორც იუნკერთა დროებითი სკოლა. 1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, იუნკერთა სასწავლებელი სამხედრო სკოლად გადაკეთდა. 
ეკლექტიკური სტილის სიმეტრიული ფასადის მთავარ არქიტექტურულ მახვილს ქმნის წინ გამოსული მცირე პორტალი, რომელშიც მთავარი შესასვლელია გაჭრილი. რუსტირებული კედელიც, პილასტრებიცა და სამკუთხა ფრონტონის შემამკობელი დეკორიც აგურის წყობითაა გამოყვანილი. ნაგებობის გარე კონტურიდან ოდნავ სიღრმეში შეწეული, ნალესობით დაფარული მესამე სართული შენობას ოდნავ მოგვიანებით, XX საუკუნის პირველ ნახევარში დაედგა. განსხვავებული ფაქტურის მიუხედავად, საფასადო შემკულობის სინქრონიზაციით, შენობის მხატვრულ სახეში გარკვეული მთლიანობა მაინც მიღწეულია.