დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ. აღმაშენებლის გამზ.# 138-ში ლათინური ასე L-ის ფორმის გეგმარების მქონე, აგურით ნაგები საცხოვრებელი სახლი მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის გამზირზე გადის. XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის შენობა ეკლექტიკური ესთეტიკით გამოირჩევა. ნეოკლასიცისტური სტილის ფასადის ცენტრალური მონაკვეთი უკავია მეორე და მესამე სართულის კედლის სიბრტყეში “ჩაძირულ” აივნებს. საყურადღებოა, რომ ხის სვეტებისა და ჭვირულორნამენტული დეკორატიული თაღების მქონე აივანს მოაჯირი ლითონის ჰქონდა, რაც საკმაოდ იშვიათ გადაწყვეტას წარმოადგენს. ამასთან, მისი მრუდხაზოვანი ორნამენტის დეკორი სტილისტურად მოდერნის     ‘’Art Nouveau’’  გავლენაზე მიუთითებს, ისევე, როგორც საჭექი ქვის შემამკობელი, ჩვენამდე მოსული მამაკაცის თავის ერთადერთი სკულპტურული გამოსახულება; წვეროსანი კაცის შეღებული პირი და მიმიკა სწორედ არ ნუვოს ესთეტიკის მატარებელია. რეაბილიტაციის შედეგად 2010-იან წლებში შენობას ძველი ფოტოსურათების მიხედვით დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ძველთბილისური ტრადიციის მსგავსად, ეზოს მხრიდან სახლს ხის აივნებით გახსნილი შიდა ეზო აქვს.