დეტალური ინფორმაცია
ფურცელაძის ქ. #12, ლ. გუდიაშვილის (ყოფილი კეცხოველის) ქ. #7-ში მდებარე, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა 1910 წელს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის ‘’ Art Nouveau ‘’სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის. საგულისხმოა რომ შენობა, გვერდით არსებულ ფურცელაძის ქ. #12-ში მდებარე ნაგებობასთან ერთად ბანკის მოხელეთათვის სამუშაო და საცხოვრებელ კორპუსს წარმოადგენდა. თავდაპირველად აშენდა როგორც სახელმწიფო ბანკის კანტორა, მოგვიანებით კი მასში განთავსდა ეროვნული ბიბლიოთეკის მე -3 კორპუსი.ბარონის ქუჩის მხარეს მომიჯნავედ არსებულ ნაგებობას ბანკის მომსახურეთათვის საცხოვრებელი სახლის ფუნქცია ჰქონდა. ორივე შენობა ერთიანდებოდა საკმაოდ დიდი ზომის შიდა ეზოთი იმგვარად, რომ თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს ეზოს გავლით შეეძლოთ ბანკში შესვლა. ორივე შენობის ფუქნციურ გეგმარებითი გადაწყვეტა ერთმანეთს ორგანულად უკავშირდებოდა. საცხოვრებელი სივრცეები, რომელიც ქუჩის მხარეს გამოდიოდა, მეორე და მესამე სართულზე დერეფნის საშუალებით უშუალოდ ბანკის შენობაში გადიოდა. ასეთი მორგებული, ადაპტირებული და კომფორტული სისტემა ბანკის ხელმძღვანელთათვის იყო შექმნილი - სამივე სართულზე ბანკის დირექტორი და მისი მოადგილეები ოჯახებით ცხოვრობდნენ. შენობის უკანა ფლიგელები კი რომლებიც შიდა ეზოსკენ იხსნებოდნენ, უშუალოდ ბანკის მომსახურე პერსონალთათვის იყო გათვალისწინებული. შენობის მეორე სართულზე ცხოვრობდა ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე, რომლის ბინიდანაც სამუშაო კაბინეტში გასასვლელიც ყოფილა. შენობა გამორჩეულია არამხოლოდ ეზოსა და ქუჩის ფასადებით, არამედ ინტერიერითაც. დღემდე შემორჩენილია ავეჯი, რომელიც სპეციალური დაკვეთით ყოფილა დამზადებული.
შენობა მნიშვნელოვანი დომინანტია თავისი მხატვრულ-არქიტექტურული სახით, რომელიც იმდროისთვის პოპულარული მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ყაიდაზეა ნაგები. ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტრირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვა ცალკეული ელემენტები, შენობას მდიდრულ გამომსახველობასა და პლასტიკას სძენს. მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა და სხვა ელემენტები.
ასევე უნდა ითქვას შენობის არქიტექტორზე - მიხეილ ოჰანჯანოვი დიდხანს მუშაობდა ქალაქის თვითმმართველობაში საუბნო არქიტექტორად. მისი პროექტები პირველად 1898 წლიდან ჩნდება. ამ დროიდან მოყოლებული პირველ მსოფლიო ომის წლებამდე მან თბილისში ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი, სახაზინო და საზოგადოებრივი დაწესებულების შენობა ააშენა. აქტიურად ნერგავდა მოდერნის ‘’ Art Nouveau’’ სტილის ფასადებს, რომლებიც სხვა ქალაქებში შემუშავებული პროექტებით იყო შედგენილი.