დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #103-ში მდებარე ისტორიული თუ მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობის პროექტის ავტორი 1868 წლიდან თბილისში მოღვაწე ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდია. 1818 წელს ვიურტემბერგიდან ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების შთამომავლის, ვაჭართა მეორე გილდიის წევრის, წარმატებული კომერსანტის, ლუდის მწარმოებელისა და პოლიტიკოსის, იაკობ ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთით 1880 წელს აგებული შენობა იმთავითვე სასტუმროსთვის იყო განკუთვნილი. სასტუმრო “ვეტცელი” XX საუკუნის დასაწყისში საუკეთესო და ყველაზე კომფორტულ დაწესებულებად მიიჩნეოდა. ფრიდრიხ ვეტცელმა ის თავისი დროის ყველა შესაძლო კომფორტით აღჭურვა. ოთახებში იყო წყლის გათბობა და ელექტროგაყვანილობა; სასტუმროს ჰქონდა ლიფტი, საბილიარდე, კეგელბანი და ორი რესტორანი, მათ შორის ერთი, სარდაფის სართულში – „გერმანული სტილის“ მხატვრობით გაფორმებული. შემდგომში ამ რესტორანმა ცალკე სახელიც მიიღო – „გერმანია“, მაგრამ მთავარი, რაც „ვეტცელს“ თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო მის მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი, რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა დასები მართავდნენ წარმოდგენებს. პერიოდულად აქ საქორწინო და სხვა ზეიმებიც ეწყობოდა. სასტუმროს ჰქონდა ბაღიც, რომელშიც ზაფხულში კონცერტებს მართავდა ოპერის თეატრის ორკესტრი. 1900 წელს, ბილფელდისავე პროექტით, სასტუმროს ზ. ჭავჭავაძის (ძველად ქსენიას) ქუჩის მხრიდან მიშენდა ორი დაბალი ფლიგელი. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მომსახურე პერსონალისთვის, მეორე - სამანქანო განყოფილებისთვის. 
ფრიდრიხ ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ, 1911 წელს სასტუმრო შეიძინა მისმა ყოფილმა ხელქვეითმა, იმხანად შეძლებულმა მეწარმემ, ნოე სიხარულიძემ, რომელმაც შენობა საფუძვლიანად გადააკეთა, გააფართოვა და საკუთარი სახელი – “ნოე” დაარქვა. აღებულ იქნა სამეურნეო დანიშნულების ფლიგელები ქსენიას ქუჩაზე, რის ხარჯზეც ნაგებობის მარჯვენა ფრთა შესამჩნევად დაგრძელდა. ცვლილებები შეეხო მთავარ ფასადსაც. სასტუმროს მიუშენდა დიდი ვერანდა და მთავარი შესასვლელი მუზარადიანი ჰერმესის სკულპტურებით გაფორმდა; ინტერიერში კი, პირველ და მეორე სართულებზე გაკეთდა ხელოვნური  მღვიმეები.
სასტუმრომ სახელწოდება კიდევ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში, 1928 წელს მას “ევროპა” ეწოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის დახურეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ გახსნეს, ამჯერად “რუსთავის” სახელწოდებით. 1970-იან წლებში სასტუმრო ისევ დაიხურა. მას შემდეგ შენობა ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. 
გეგმით ლათინური ასო U-ს მოყვანილობის სამსართულიანი მანსარდიანი შენობის მდიდრულად გაფორმებული ფასადები გამორჩეული ნიმუშია ბაროკული ეკლექტიზმისა, რომელთანაც ფაქიზი გემოვნებითა და დელიკატურობით მოხდა მოდერნის     ‘’Art Nouveau’’ 
 სტილისტიკის სინთეზირება, რისი გამოხატულებაც ცენტრალური შესასვლელის შემამკობელი ჩირაღდნებიანი ჰერმესის მანერული სკულპტურებია. თავისი მასშტაბით, მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით მოცემული შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის გამზირის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.