გიორგი ლეონიძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ლეონიძის ქ. #8-ში მდებარე აფთიაქარ ფერდინანდ ოტენის სახლის თავდაპირველი პროექტი ქალაქის თითმმართველობის უბნის არქიტექტორმა პ. ზურაბიანმა 1901 წლის 1 მაისს დაამტკიცა. ოტენის სახელს უკავშირდება XIX საუკუნის ბოლოს თბილისში, ავჭალიდან სასმელი წყლის გამოყვანა. ოტენი  სასმელი წყლის ანალიზებს ატარებდა - მისი დასკვნების საფუძველზე გადაწყდა აღნიშნული წყალსადენის აშენება. სოლოლაკის უბანში   ოტენის საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა. მის ფასადს, შიდა ეზოს და სადარბაზოს  ავთენტური სახე აქვს შენარჩუნებული,  შენობის მთლიან სივრცულ-მოცულობით სტრუქტურას ცვლილებები არ შეხებია. სახლის ეზოში გადარჩენილი ძველი გალავანი  და წყარო,  XX საუკუნის დასაწყისის ნაგებობათა არქიტექტურული დეტალების შესახებ დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას  გვაწვდის.