დავით აღმაშენებლის გამზ.#44/ ანზორ ერქომაიშვილის ქ.#9

cityთბილისი, დავით აღმაშენებელის გამზირი N44 gps41.7053304, 44.8003607 status ღიაა

დავით აღმაშენებლის გამზ.#44/ ანზორ ერქომაიშვილის ქ.#9

დეტალური ინფორმაცია

დ.აღმაშენებლის გამზ.#44/ ანზორ ერქომაიშვილის ქ.#9-ში მდებარე ლათინური ასო U-ს ფორმის გეგმარების მქონე, საკმაოდ მოცულობითი ორსართულიანი შენობა აღმაშენებლის გამზირის მოცემული მონაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტია. ნაგებობა ისტორიულ-ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც დიდ როლს თამაშობს ქუჩის საერთო იერსახის შექმნაში. დღევანდელი სახე შენობამ XIX საუკუნის ბოლოს მიიღო, თუმცა თავდაპირველი მოცულობა ამავე საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს აგებული, რადგან 1867 წლის თბილისის გეგმის თანახმად, ამ ადგილას “კაზაკების პოლკთა მეთაურის (ატამანის) ლაშქრობების სამმართველო” იდგა, ცოტა მოგვიანებით კი 1870-იან წლებში დაარსებული ოლღა თეოდორეს ასულის თბილისის ქალთა გიმნაზიაა, რომელიც 1891 წლიდან ქალთა მეორე გიმნაზია ხდება, 1913 წლის რუკაზე კი უკვე ქალთა მეხუთე გიმნაზიად მოიხსენიება. შენობამ ფუნქცია XX საუკუნეშიც რამდენჯერმე შეიცვალა. 2006 წლამდე აქ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი იყო განთავსებული, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგი კი შენობა ხსენებული უნივერსიტეტის II კორპუსს დაეთმო.
 ძველი ქართული აგურით ნაგები, რუსტიკის დეკორატიული ლესვით დაფარული შენობის სწორკუთხა თუ თაღოვანი კარ-სარკმლების ღიობთა თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებული ფასადები რენესანსულ-კლასიცისტური ეკლექტიზმის სტილშია შესრულებული და იტალიური პალაცოს იერს ატარებს. შემკულობის მიუხედავად, მაინც სადა და თავშეკავებული, სიმეტრიული ფასადები მონუმენტურის შთაბეჭდილებას ახდენს და ამით ხიბლავს მნახველს.