ამბობენ
მე–19 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ერთი ნაწილი თბილისში, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე, მაშინდელ Neu-Tiflis-ში („ახალი თბილისი“) დასახლდა.
ჩამოსულმა გერმანელებმა, განსაკუთრებით კი არქიტექტორებმა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თბილისში. ისინი თავიანთ საცხოვრებელ სახლებს აშენებდნენ სწორად დაგეგმილ, ფართო ქუჩებზე, რომლებიც ერთმანეთთან პერპენდიკულარულად განლაგებული ვიწრო ქუჩებით იყო დაკავშირებული.
დროთა განმავლობაში, ნოი-ტიფლისის მთავარ — მიხეილის ქუჩას — 1878 წელს გამზირის სტატუსი მიენიჭა და იგი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრად იქცა: აქ აშენდა მრავალფეროვანი სავაჭრო და საზოგადოებრივი შენობები, სასტუმროები, პარკები, ვარიეტეები, საზამთრო და საზაფხულო კინოთეატრები, კლუბები და მდიდარი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები.
დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. N17-ში მდებარე XIX საუკუნის დასასრულით დათარიღებულ სამსართულიან საცხოვრებელ სახლს საინტერესო სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურა აქვს. ჩაკეტილი ტიპის ოთხკუთხა შიდა ეზოს გარშემო ორგანიზებული შენობის ძირითადი მოცულობა განაშენიანების სიღრმეში ვითარდება, დავით აღმაშენებლის გამზირზე კი ვიწრო ფასადით გამოდის. სახლის საკმაოდ უხვადდეკორირებული ფასადი (მეორე და მესამე სართული) ბაროკოული ეკლექტიზმის არქიტექტურულ სტილს მისდევს, პირველი სართული კი პასაჟის სახით არის გახსნილი. სწორედ აქედან, ლითონის ორნამენტული ჭიშკრის საშუალებითაა შესაძლებელი სახლის შიდა ეზოში მოხვედრა, სადაც მთელს პერიმეტრზე მოწყობილი ხის ღია გალერეა-აივნებისა და შუშაბანდების კომბინაცია და ფლიგელთა დამაკავშირებელი ხისა თუ რკინის კიბეების ცოცხალი რიტმი გვხიბლავს.