დეტალური ინფორმაცია
მ. კოსტავას #14-ში მდებარე მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა 1961 წელს არქიტექტორების, დავით მოსეშვილისა და ილია ტარასაშვილის პროექტით აშენდა, როგორც “ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი”. საბჭოთა პერიოდში აქ ბინა ედო გაზეთების “კომუნისტისა” და “სამშობლოს” რედაქციების, დღეს კი აქ განთავსებულია თანამედროვე ფეშენებელური სასტუმრო “სტამბა”, რომელსაც საინტერესო ინტერიერის დიზაინი გამოარჩევს. მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული შენობის ფასადი თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს, შენახულია აქ დაცული ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
ექვსსართულიან მოცულობით შენობას მთელი კვარტალი უჭირავს და როგორც “ამბიციური” საბჭოთა არქიტექტურისათვისაა დამახასიათებელი, მკაფიო აქცენტს ქმნის არსებულ განაშენიანებაში და თითქოს მიზანმიმართულად თამაშობს დომინანტის როლს. ქუჩის წითელი ხაზის გასწვრივ განვითარებული შენობის ფართო ღიობებით რიტმულად დანაწევრებული სწორკუთხა მოცულობა ხაზგასმით სიმეტრიული, ერთფეროვანი და “უნიფიცირებულია”, რაც ავტორთა მხრიდან ინდუსტრიული არქიტექტურის მხატვრულ-არქიტექტურულ სახესთან მსგავსების სურვილს მოწმობს. მოცემული შენობა საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია თბილისში.