მ.კოსტავას 12

დეტალური ინფორმაცია

თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში ეგებულია 1910 წელს რუსი არქიტექტორის ა. ოზეროვის პროექტის მიხედვით, შენობის პლასტიკური სამკაულები კი შესრულებულია თბილისელი ოსტატის ავეტიკ ცშმარიტიანის მიერ. საშემოსავლო სახლი ეკუთვნოდა საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედს, კომერსანტსა და ბიზნესმენს - მიქაელ არამიანცს. გადმოცემის თანახმად, არამიანცს სახლი მისზე ორჯერ უმცროსი საყვარლისთვის - ევგენიასთვის აუშენებია. გვიან საბჭოთა პერიოდში მ. კოსტავას (ძველად ოლღას) ისტორიული ქუჩის გაგანიერების მიზნით, მოცემულ მწკრივში არსებულ ნაგებობათა პირველი სართულების დონეზე პასაჟი მოეწყო, რასაც, ცხადია, შეეწირა შენობათა თავდაპირველი იერსახე; სხვა მხრივ, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 12-ის ფასადი სრულიად აუთენტური სახით არის ჩვენამდე მოსული.

არ ნუვოს (Art Nouveau) სტილის საკმაოდ ეკლექტიკური შენობა ამჯერად ჩრდილოეთ ევროპული არქიტექტურის მოტივებს მიმართავს, რაზეც აშკარად მიუთითებს ფასადის მხატვრული გადაწყვეტა, მათ შორის: კარ-სარკმელთა ღიობების გადანაწილება თეთრი აგურით მოპირკეთებულ კედელზე, პირამიდისებური წოპწოპა სახურავით დაგვირგვინებული კოშკისებური მოცულობა, ფახვერკის სამშენებლო ხერხის იმიტაციის მქონე რიზალიტი, ხის აივნის მხატვრული დამუშავება, რკინის აჟურული აივნების ნახატი და თვით კედელზე ალაგ-ალაგ, ძუნწად მოცემული ქვაზე კვეთილი რელიეფები. საფასადო შემკულობის გამორჩეულ ელემენმტს წარმოადგენს კოშკისებური მოცულობის კუთხეში განთავსებული, ორ ფეხზე შემდგარი დათვის ბელის ქვის სკულპტურა, რომლის შემჩნევაც ერთი შეხედვით რთულია, ხოლო მისი “აღმოჩენა” მნახველს სრულიად მოულოდნელ სიხარულს განაცდევინებს. შუასაუკუნეობრივი იერის მქონე რომანტიკული განწყობით გაჟღენთილი შენობა უცხოდ და უჩვეულოდ გამოიყურება თბილისის ურბანულ გარემოში, თუმც კი, უთოდ, მისი ერთ-ერთი მარგალიტია.