დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

 დავით აღმაშენებლის გამზ.#37-ში  მდებარე ძველი ქართული აგურით ნაგები, ლათინური ასო “L”-ის ფორმის გეგმის მქონე ორსართულიანი შენობის ძირითადი მოცულობა განაშენიანების სიღრმეში ვითარდება, აღმაშენებლის გამზირზე კი ვიწრო ფასადით გამოდის. XIX საუკუნის მიწურულს აშენებული სახლის საკმაოდ უხვადდეკორირებული ფასადი (თუმც პირველი სართული მთლიანად გადაკეთებული და სახეცვლილია) ბაროკოული ეკლექტიზმის არქიტექტურულ სტილს მისდევს, რაც კორინთული კაპიტელებით დამშვენებული პილასტრებით, მცენარეული ორნამენტით შემკული სარკმლის საპირეებითა და სანდრიკებიანი პარაპეტით გამოიხატება. თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციის თანახმად, მოცემულ შენობასაც შიდა ეზოს მხარეს ძველად ქართული საცხოვრისის განუყოფელი ელემენტი - ეზოსპირა ფასადის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ღია გალერეა-აივანი აგრძელებდა (დღესდღეობით იგი მცირე ფრაგმენტის სახით არის შემორჩენილი). თავისი მოკრძალებული მასშტაბითა და ევროპული სტილის ფასადით მოცემული შენობა XIX საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელი ისტორიული განაშენიანების ორგანული და ჰარმონიული ნაწილია.