დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #52-ში მდებარე შენობა გამორჩეულია, როგორც მხატვრულ-არქიტექტურული, ისე მემორიალური მნიშვნელობით. ამ სახლში 1851-1852 წლებში, ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ცნობილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი; ხოლო 1892-1893 წლებში დროგამოშვებით ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეგნატე ნინოშვილი.
მოცემული ორსართულიანი ნაგებობა თბილისის ურბანულ ქსოვილში არსებული არქიტექტურული ეკლექტიზმის საკმაოდ ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს; იგი XIX საუკუნის შუა ხნით თარიღდება და ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოტივებით შექმნილ, ეკლექტიკური მიდრეკილებების კლასიცისტურ ფასადს გვთავაზობს. საფასადო გადაწყვეტა მწყობრ, მკაფიოდ დანაწევრებულ კომპოზიციას ქმნის. საკმაოდ მასშტაბური აივანი სრულად იკავებს მეორე სართულის ცენტრალურ არეს და ჩამოყალიბებული, არქიტექტურულად გამართული კომპოზიციით იქცევს ყურადღებას. განსხვავებული კონფიგურაციის ღიობები ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოტივებით არის გადაწყვეტილი, კერძოდ, მეორე სართულის მსუბუქად შეისრულ სარკმლებს, პირველი სართულის ნალისებრ თაღებში გამოყვანილი შეწყვილებული სარკმლები ცვლის, მათ თავზე კი სართულშუა გამყოფად კილისებრი დეკორატიული თაღედია განთავსებული.    
სახლს ორი შესასვლელი აქვს, ქუჩის მხირდან - შენობის მარცხენა კიდეში მოქცეული, კორპუსზე მიდგმული სადარბაზო უჯრედი და გალავნიანი ჭიშკარი მის მეზობლად. ძველთბილისური ტრადიციის მსგავსად, ეზოს მხრიდან თავდაპირველად შენობას ხის აივნებით გახსნილი შიდა ეზო ჰქონდა; დღესდღეობით მხოლოდ მისი ნაწილია შემორჩენილი.დავით აღმაშენებლის გამზირის #52-ში მდებარე შენობა XIX საუკუნის შუახანების ძველთბილისური საცხოვრებელი სახლის დამახასიათებელი და, ამავდროულად, ეკლექტიკური სინთეზის ადრეული და უნიკალური ნიმუშია.