დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ. აღმაშენებლის გამზ. #81-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს, 1880-იანი წლებში აგებული, ეკლექტიკური სტილის შენობის მნიშვნელობას ერთიორად ზრდის ავტორის ვინაობა. სახლის პროექტი ეკუთვნის გერმანული წარმოშობის არქიტექტორს, პაულ შტერნს, რომელსაც იგი 1882 წელს პოლკოვნიკ აკციზისათვის შეუდგენია. წითელი და თეთრი აგურის რიგების მონაცვლეობით დეკორირებულ პოლიქრომიულ ფასადს თაღოვანი სარკმლები ანაწევრებს. პირველი სართულის მშვილდის მოხაზულობის ფართომალიანი თაღოვანი ღიობები, მეორე სართულის ვიწრო სარკმლებით იცვლება. საფასადო შემკულობის ეკლექტიკურ ესთეტიკას კი საბოლოოდ განსაზღვრავს სხვადასხვა მხატვრულ-არქიტექტურული დეტალები - რუსტირებული საპირეები, კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი პილასტრები, რიზალიტის დამაგვირგვინებელი პარაპეტის შვერილი და რკინის ჭიშკრის ცხაური. შენობას თბილისის მერიის მიერ დავით აღმაშენებლის გამზირის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 2010 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის დროსაც არქივში დაცული პროექტის მიხედვით მოხდა დროთა განმავლობაში სახეცვლილი ფასადის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. 
სწორკუთხა კუბური მოცულობის მქონე საცხოვრებელი სახლი თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის, პრაქტიკულად, ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ მას აქვს  ქუჩისათვის უხილავი, მოზრდილი და საკმაოდ ხალვათი შიდა ეზო, რომელშიც ფასადზე გაჭრილი, მშვილდათაღოვანი გვირაბ-გასასვლელით ვხვდებით.  
მოცემული შენობა დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის განუყოფელი და ორგანული ნაწილია. იგი XIX საუკუნის მიწურულის მხატვრული ეპოქისათვის დამახასიათებელი თბილისური საცხოვრებელი სახლის კიდევ ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.