დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #91-ში მდებარე  XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა იმთავითვე საზოგადოებრივი დანიშნულებისა იყო; როგორც თბილისის ძველი გეგმებიდან ირკვევა, თავდაპირველად ის კავკასიის მხარის (ოლქის) საბაჟოს ეკავა, მოგვიანებით კი კომერციული ობიექტი გახდა. შენობის გამორჩეულ მხატვრულ ღირებულებას მისი მთავარი ფასადი განაპირობებს, კერძოდ კი პირველი სართულის თითქმის ხელუხლებელი, აუთენტური სახით შემორჩენილი ვიტრინები. ლითონის პროფილებისგან დამზადებული დიდი ვიტრინები, რომლის ანალოგიც ძნელად თუ მოიძებნება ქალაქში, ისეა მოწყობილი, რომ თავისი მოცულობით ფასადის კედლის გარე პირზე გამოდის, თითქოს გამობერილია, გვერდები კი მომრგვალებული აქვს. ვიტრინების ზედა ნაწილი გაფორმებულია მომცრო ზომის, წახნაგებდამუშავებული ბროლის მოგრძო სეგმენტებისაგან შემდგარი ორნამენტული ნახატით, რომელსაც კიდეებში არტ-დეკოსათვის სახასიათო მოტივი - გვირგვინად შეკრული გირლანდები ამშვენებს. ფასადის საერთო შემკულობას მოდერნის      ‘’Art Nouveau’’ სტილისტიკასთან ერთად უთუოდ არტ-დეკოს ზეგავლენაც ატყვია. ამაზე მიუთითებს რიზალიტის პლასტიკური ნაძერწობა - გრიფონის “ჰერალდიკური” გამოსახულებები მათ შორის გაბმული გირლანდით, პირველი სართულის გლუვტანიანი ტოსკანური სვეტები დორიული კაპიტელებით, აივანი-ბალუსტრადა და ფასადის დამაგვირგვინებელი ბალუსტრადიანი პარაპეტი. საფასადო შემკულობის ერთ-ერთ საინტერესო დეტალს წარმოადგენს პარაპეტის შვერილის შემამკობელი გირლანდა მამაკაცის გროტესკული სკულპტურული თავის გამოსახულებით, რომელიც ამჯერად არ ნუვოს ესთეტიკის გამოვლინებად გვესახება.