პავლე ინგოროყვას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

პ. ინგოროყვას ქ. #6-ში მდებარე შენობა აგებულია XX ს-ის დასაწყისში, პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ. საინტერესოა შენობის საფასადო კომპოზიცია, დეკორატიული ნაძერწობები, რაც ნაგებობის მაღალმხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს. ეს შენობა დახვეწილი არქიტექტურული გემოვნების საავტორო ნაგებობაა, რასაც ხელი შეუწყო ისტორიულმა გარემოებამ. აქ ორი სხვადასხვა მფლობელის ნაკვეთი იყო. სწორედ ამიტომაც, სახლი #6-ის ჩადგმა მოხდა ძალიან ვიწრო მონაკვეთზე - არქიტექტორმა ეს პრობლემა ოსტატურად გადაწყვიტა. თავდაპირველად, მან შეადგინა პროექტი რომლის ფასადი გვერდით მდგომი, მისივე 1887 წელს აგებული სახლის ფასადის მარცხენა ფლანგის განმეორებას წარმოადგენდა (ეს პროექტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში). თუმცა, მან ნაგებობა პროექტისგან განსხვავებით ააშენა და არსებულის ნაცვლად შექმნა დახვეწილი გემოვნების თვითმყოფადი სტრუქტურა. საცხოვრებელი სახლი მანსარდით  ქუჩის პერიმეტრზე დგას და გრძივად არის მიმართული შიდა ეზოსკენ, სადაც თავდაპირველად სამივე სართულზე უნდა ჰქონოდა გვერდით მდგომი სახლის მსგავსი ხის გალერეა აივნების სისტემით. ქუჩისკენ გამომავალი ეკლექტიკური ფასადი მდიდრულად არის მორთული. პირველ სართულზე, რომლის კედლის სიბრტყე რუსტირებულია – მარცხნივ ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბია, რომელზეც შეკიდული იყო ლითონის ჭვირული ჭიშკარი (ამჟამად ახალი ჭიშკარია, აღდგენილი ძველის სახით), მარჯვნივ რუსტებში თაღოვანი ღიობია ჩასმული, ლითონის ჭვირულივე საფარით, მის ზემოთ კი, მძლავრ კოჭოვან კრონშტეინებზე შეკიდულია მეორე და მესამე სართულების მომცველი ერკერი, ფლანკირებული იონურკაპიტელებიანი ნახევარწრიული სვეტებით და დასრულებული ბაროკალური ტალღისებრი ფრონტონით. 
 ერკერის ქვედა ღიობი თაღოვანია მამაკაცის საჭექქვიანი მასკარონით, ზედა მესამე სართულის ღიობი კი, მართკუთხაა.
 მსგავსი შვეული კომპოზიციაა განმეორებულია ეზოში შესასვლელი გვირაბის ზემოთ, ოღონდ ერკერის გარეშე, უშუალოდ კედლის სიბრტყეზე. მეორე სართულზე აქ მცირე მართკუთხა სარკმელია, თაღოვანი თავსართით, რომელშიც გამოსახულია სარკმლის საჭექ ქვაზე მაჯებზე ნიკაპჩამოდებული პანის წელსზედა ქანდაკება. ზევით კი, ასევე იონურკაპიტელებიანი სვეტებით ფლანკირებული ღია თაღოვანი ლოჯიაა, წინ რიკულებიანი მოაჯირით. 
 ორთავე სართულზე კედლის სიბრტყე დასახსრულია რუსტირებული პილასტრებით. აქვე დარჩენილია კედლის ნალესი სიბრტყის დაფერილი შვეული ზოლები.
 მესამე სართული სრულდება კბილანისებრ კრონშტეინებზე შესმული მძლავრი პროფილირებული ლავგარდანით და ზემოთ პირამიდული აკროტერიონებით. მათ უკან, ქუჩისკენ დახრილ ქანობიან მანსარდში ორი მართკუთხა სამერცხულის ტიპის ღიობია ჩასმული მცირე ფრონტონებით.
 მთელი ეს საფასადო კომპოზიცია ოსტატურად არის გათვლილი სტრუქტურის მთლიანობის განცდით, სადაც მცირე და მოზრდილი არქიტექტურული ფორმები კონტრასტულად ატრაქციულიცაა და ამავე დროს კომპოზიციურ უნისონშია გადაწყვეტილი.