პავლე ინგოროყვას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ინგოროყვას ქუჩაზე # 18-ში მდებარე სამსართულიანი, კაპიტალური სახლის თავდაპირველი მფლობელი კახაბერ გიორგის ძე ერისთავია. შენობა სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისში ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო სახლი, მდიდრულად გაფორმებული ინტერიერით. 
შენობის  მთავარი ფასადის კომპოზიცია, სიმეტრიულია. მთლიანად რუსტირებული ფასადის განაპირა მხარეები რიზალიტებს წარმოადგენს. მარცხენა რიზალიტში ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობია გაჭრილი, მის გაგრძელებაზე კი დაბალთაღოვანი სარკმლების მწკრივია შუაში ჩართული კარით. ყველა სართულის ფანჯარა განსხვავებულია ერთმანეთისგან. მეორე სართულზე თაღოვანი ღიობების რიგია, რომლებიც შედარებით უხვადაა დეკორირებული. მათ ზემოთკენ  სადა თაროა, რომელიც ორნამენტულ კრონშტაინებს ეყრდნობა. თაროსა და სარკმლის თაღს შორის მოქცეულ არეში, შუაში ქალის თავის გამოსახულებიანი დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული, ხოლო მის ორსავ მხარეს სიბრტყე მცენარეული ორნამენტითაა ამოვსებული. ყველა ღიობის ქვეშ თითო სწორკუთხა რუსტია ჩასმული, რომლებიც ლარნაკითა და მცენარეული ორნამენტითაა დაფარული. ამ და მის ზედა, მესამე სართულებზე სამ-სამი აივანია მოწყობილი, ერთი რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანი ცენტრში, დანარჩენები, ასეთივე, ოღონდ კუთხეებმომრგვალებულმოაჯირიანი კი რიზალიტებშია განთავსებული. მეორე სართულის აივნის ღიობები ორსავ მხარეს კომპოზიტური კაპიტელებით დასრულებული კანელურებიანი პილასტრებითაა მოზღუდული. მესამე სართულის აივნები კი ასეთივე, ოღონდ იონური კაპიტელებით დაბოლოებული პილასტრებითაა მოჩარჩოებული, რიზალიტის კიდეებში კი სხვადასხვა ნაძერწებით შემკული სწორკუთხა გეგმარების პილასტრისებრი ფორმებია ჩასმული. რაც შეეხება მესამე სართულის სარკმლებს, ისინი სწორკუთხაა და ასეთივე ფორმის, კუთხეებშეტეხილ ჩარჩოშია მოქცეული, რომელიც ქვემოთკენ ხვეულებით სრულდება, ზემოთ, ცენტრში კი დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული. ფასადი უხვი დეკორით ბოლოვდება. ღიობების ზემოთ კანელურებიანი მცირე პილასტრებისა და ვარდულებისგან შემდგარი ფრიზი მოსდევს, რომელსაც იონიკური ორნამენტული ზოლი ეკვრის, მის ზემოთ კი რელიეფურად გამოშვერილი ანტაბლემენტისებრი ფორმაა, რომელშიც ლომის თავების მწკრივია ჩასმული. შედარებით განსხვავებულად არის გაფორმებული რიზალიტების ზედა ნაწილი, აქ ღიობების თავზე ორი მცენარეული სწორკუთხედია, შუაში ჩართული დეკორატიული კრონშტაინით, კიდეებში კი ლომების მოზრდილი თავებია. უნდა აღინიშნოს, რომ ფასადის მარცხენა თითქმის ნახევარი მთლიანად შელესილია, რამაც შეიწირა კედლის დეკორი და ნაგებობამ, ნაწილობრივ, დაკარგა თავდაპირველი სახე. სახლის უკან აივნებშემოვლებული ეზოა მოწყობილი, რომლის მოაჯირი რიკულებიანია, ზედა მხარე კი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხის ძელებითაა დეკორირებული. ეზოში გამავალი პირველი სართული სარკმლებისა და შესასვლელების ღიობებს მოიცავს და მრავალჯერ არის სახეცვლილი. აღწერილი შენობა ბაროკოს ელემენტებით არის გაჯერებული და მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.