დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.# 10-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაგები, დეკორატიული ლესვით დაფარული ორსართულიანი შენობა ეკლექტიკური სტილის ფასადით XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება. სახლის სწორკუთხა, ფართო, შემინული ღიობებით გახსნილ პირველ სართულს სარკმლების თანაბარზომიერი რიტმითა და პილასტრებით დანაწევრებული მეორე სართული აგრძელებს. აშკარად გამოკვეთილი და აქცენტირებული მკაფიო ვერტიკალებით მონიშნული საფასადო კომპოზიცია ხაზგასმით სიმეტრიული, მოწესრიგებული და „მკაცრად ორგანიზებულია“.
სწორკუთხა კუბური მოცულობის მქონე შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ მას აქვს  ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, რომელშიც ფასადზე გაჭრილი გვირაბ-გასასვლელით ვხვდებით.  მოცემული შენობა დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის განუყოფელი და ორგანული ნაწილია. იგი XIX საუკუნის მიწურულის მხატვრული ეპოქისათვის დამახასიათებელი თბილისური საცხოვრებელი სახლის საკმაოდ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.