დეტალური ინფორმაცია
სულხან- საბას ქ.#4-ში მდებარე სახლი აგებულია XIXს-ის ბოლო მეოთხედში, ხოლო ფლიგელები მოგვიანებით არის მიშენებული. XIX-XX სს-ის მიჯნის ფოტოებზე (საბოლოო, მხატვრულ-არქიტექტურულად ჩამოყალიბებული სახე უბანმა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მიიღო) ეს ნაგებობა უკვე აშენებული ჩანს, ოღონდ მაშინ იგი ჯერ კიდევ ორსართულიანი იყო. მესამე სართული დაშენდა მოგვიანებით. მოპირდაპირე სახლის სადარბაზოსთან მიმაგრებულ მემორიალურ ფილაზე აღნიშნულია, რომ 1888-1889 წლებში აქ ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და სახლში განთავსებული იყო გაზ. ,,ივერიის" რედაქცია.
სულხან-საბას ქუჩის მიმყოლად მდგარი სამსართულიანი შენობის მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. ფასადი სადაა და ღიობების მწკრივისა და ერთი აივნისგან შედგება. რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანი მეორე სართულის ცენტრშია მოწყობილი და მისი კარი სადა ფრონტონით ბოლოვდება. აივნის ორსავ მხარეს სამ-სამი დაბალთაღოვანი სარკმელია გაჭრილი და მათ თავზე შეუმკობელი თაროა მოქცეული. პირველი სართულის სარკმლები შედარებით მოზრდილი და სწორკუთხაა და როგორც ზედა სართულისა, ისინიც თაროთი ბოლოვდება. აქ ცენტრში, აივნის ქვეშ კარია გაჭრილი და მის წინ ორი, გეგმაში კვადრატული, კანელურებიანი სვეტებია აღმართული, რასაც მეორე სართულის აივანი უჭირავს. რაც შეეხება მესამე სართულს, აქ შედარებით მომცრო ზომის შეუმკობელი სწორკუთხა სარკმლების რიგია წარმოდგენილი. ფასადი ზემოთკენ კრონშტაინების მწკრივით ბოლოვდება. ნაგებობა სადად დეკორირებულია და კარგად ეწერება ქუჩაზე მდგარ ნაგებობათა რიგში.