სულხან-საბას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

სულხან-საბას ქ.#6. სულხან-საბას ქუჩას თავდაპირველად ირაკლის შესახვევი ერქვა (1850-იანი წწ), შემდეგ ,,ფრეილინის“ (1884წ.), მერე ,,საბა-სულხანის“ (1924წ.), XX ს-ის შუა ხანებიდან კი ,,სულხან-საბას“ სახელი ეწოდა. ორსართულიანი სახლი სულხან-საბას ქუჩის მიმყოლადაა განლაგებული. მისი რუსტირებული ფასადის კიდურა და ცენტრალური ნაწილები რიზალიტს წარმოადგენს. პირველ სართულზე სადა სწორკუთხა სარკმლების გარდა, მარცხენა რიზალიტში ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი, მის მარჯვნივ კი რკინის წინფრებით გადახურული ორი ხის კარია გაჭრილი. სიმეტრიული კომპოზიციის მქონე მეორე სართული, შედარებით, უხვადაა დეკორირებული. დომინანტს მცირე კრონშტაინებზე დაყრდნობილი რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანი წარმოადგენს, რომელიც რკალური ფრონტონით დასრულებულ ორ ღიობს მოიცავს. აივნის კიდეებში მცენარეული ორნამენტით პროფილირებული პილასტრებია ჩასმული, რომელიც ქალის თავის გამოსახულებიანი კომპოზიტური კაპიტელით ბოლოვდება. განაპირა რიზალიტებში ორ-ორ მცირე იონურ ორდერებს დაყრდნობილი, თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის თავზეც კანტებითა და სხვადასხვა ფორმით გაფორმებული რუსტებია მოთავსებული. ღიობების ორსავ მხარეს ისეთივე პილასტრებია ჩასმული, როგორიც აივნის გვერდებში, განსხვავება ის არის, რომ აქ ისინი წყვილადაა მოცემული. ფასადი ზემოთკენ დეკორირებულ კრონშტაინების მწკრივს დაყრდნობილი რელიეფური კარნიზით სრულდება. ეზოში შესასვლელი ჭიშკრის თავზე გირლიანდითა და ლენტით შედგენილი დეკორია, რომელშიც სახლის ნომერი - 6 არის ჩაწერილი. ნაგებობის ფასადის არქიტექტურული მორთულობა ევროპულ ტრადიციას მისდევს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდებარე განაშენიანებაში.