ძველი კინო თეატრი აპოლო

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #135, ია კარგარეთელის #10 -ში მდებარე მდებარე კინოთეატრ „აპოლო“-ს შენობა მოდერნული - Art Nouveau  არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. მისი თავდაპირველი მფლობელი გერმანელი ყოფილა. ცნობილია, რომ შენობის მხატვრული გაფორმება დამკვეთს მოქანდაკე, კარლ ვილსისთვის და რეიშის ფორმის ოსტატებისთვის შეუკვეთავს. მოგვიანებით, სკულპტურული სამუშაოები ა. ნოვაკს და მოქანდაკე, კარლ სოუჩეკს შეუსრულებიათ. სინემატოგრაფი ან, როგორც მაშინ უწოდებდნენ კინოთეატრებს – „ელექტრონული კინოთეატრი“, თბილისში პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. კინო იმ დროის უდიდეს გამოგონებად ითვლებოდა და ძმები ლუმიერების მიერ შექმნილმა ნოუ-ჰაუმ მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისის მაცხოვრებლებს შორის. პირველი კინოჩვენება თბილისში 1896 წლის 16 ნოემბერს გამართულა „სათავადაზნაურო თეატრში,” სასახლის ქუჩაზე. იმ დროის თბილისური გაზეთი „ცნობის ფურცელი” იუწყებოდა, რომ კინოჩვენება საღამოს 8 საათზე იწყებოდა და ბილეთის ფასი საკმაოდ ძვირი იყო. 1904 წლისთვის თბილისში რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებდა: „ილუზიონი” მუშტაიდის ბაღში, „სკიფი” და „ურანი”. იმ პერიოდში ქართული კინო ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა და ეკრანებზე ძირითადად ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ თბილისელ კინომანებს. 1915 წლისთვის თბილისში რვა ელექტრონული კინოთეატრი ფუნქციონირებდა: ერთი – გოლოვინის (ამჟამინდელ რუსთაველის) გამზირზე, დანარჩენი შვიდი კი – მიხაილოვის, ამჟამინდელ აღმაშენებლის გამზირზე. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კინოთეატრი „არფასტოს” სახელით იყო ცნობილი და მისი ისტორია ცნობილ სომეხ მეცენატსა და მრეწველს მიქაელ არამიანცს უკავშირდება. კინოთეატრი „არფასტო” ამჟამინდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში იყო გახსნილი.
1915 წლით არის დათარიღებული შვიდი კინოთეატრის არსებობა მიხეილის პროსპექტზე: „სატურნი”, „მოდერნი”, „ლირა”, „ოდეონი”, „მულენ-ელექტრიკი”, „მულენ-ელექტრიკის” საზაფხულო დარბაზი და, სავარაუდოდ, თბილისის ყველაზე ცნობილი კინოთეატრი – „აპოლო”. გავრცელებული ცნობის თანახმად, „აპოლო” პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც. 
არსებობს ვერსია, რომ „აპოლოს” პროექტი იმ დროის ცნობილ თბილისელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტების მოძიება ამ დროისათვის შეუძლებელია. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ შენობის ამგები და მისი პირველი მფლობელი მდიდარი გერმანელი კოლონისტი იყო. ელექტრონული თეატრის მოწყობა კომპანია „რეიშმა” და კარლ ვილსისმა განახორციელეს, ხოლო შენობის არქიტექტურული მორთულობა არქიტექტურული ძერწვის ჩეხ ოსტატებს – ა. ნოვაკსა და კარლ სოუჩეკს შეუსრულებიათ. მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი 1909 წელს გაიხსნა, თეატრის შიდა ინტერიერის მოპირკეთება მხოლოდ 1914 წელს დასრულდა. თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის კარლო მორეტის ცნობით, გერმანელების შემდეგ „აპოლო” იტალიელების, ძმები რიჩების საკუთრებაში გადასულა. ერთი პერიოდი „აპოლოსა” და თბილისის სხვა კინოთეატრების მფლობელი მეცენატი არამიანციც იყო. საბჭოთა პერიოდში „აპოლოს” სახელი შეუცვალეს და „ოქტომბერი” უწოდეს, 1990 წელს კი კინოთეატრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ძველი სახელი „აპოლო” დაუბრუნდა. თუმცა, ფასადიდან გაქრა რუსული შრიფტით შესრულებული ავთენტური წარწერა, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია შენობის ექსტერიერისათვის.
კინოთეატრი ,,აპოლო“,თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. თავისი ზომით და მხატვრული გაფორმებით ის ახლაც გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. ნაგებობა მოდერნის- Art Nouveau  სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში. ის დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და ია კარგარეთელის ქუჩის კუთხეში დგას და ფასადებით ორივე მხარეს გადის. ამ ღირებულების დამადასტურებელია, რომ შენობას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.