დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

  დავით აღმაშენებლის გამზ.#171-ში მდებარე  XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობა მთლიანად რუსტირებული ფასადითა და მოხდენილი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. ფსევდო-ბაროკოული ეკლექტიკით გამორჩეული ექსტერიერი, ყრუ გვერდითა ფასადებსა და ხის კონსტრუქციებით ამოყვანილ შუშაბანდებიან ეზოს მოიცავს. შენობა მემორიალურია, მასში 1923-1925 წლებში ცხოვრობდა და ლატვიის კონსულის მოვალეობას ასრულებდა მხატვარი იული სტრაუმე. 
აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლი გეგმარებით კვადრატულია. შენობის ორსართულიან მოცულობას მოგვიანებით მესამე სართულის დაშენება დაემატა, რომელიც შენობის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებას ნაკლებად პასუხობს. ნაგებობის მთავარი, სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს. საფასადო კომპოზიცია მასათა სიმეტრიულ გადანაწილებას გულისხმობს, რომელშიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური მხატვრული ღერძები მწყობრად კვეთენ ერთმანეთს. შენობის პლასტიკურ დანაწევრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიდურა რიზალიტური შვერილები. სახლის მეორე სართული საგანგებოდ აქცენტირებულია ე.წ. ფრანგული აივნებით, რკინის ცხაურებით გაფორმებული მოაჯირებით, და ასევე, წყვილი ლომის მასკარონით, რომლებიც ,,ფრანგულ” აივანს ფლანკირებენ.