დეტალური ინფორმაცია
აღნიშნული შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისის პოპულარული ევროპული მოდერნის სტილის (Art Nouveau) არქიტექტურის გამორჩეული და ერთ-ერთი პირველი ნიმუშია რეგიონში. შენობა ხასიათდება მაღალ მხატვრული ღირებულებით, რაც მის არქიტექტურულ კონცეფციაში, ასევე ცალკეულ დეტალებშია გამოვლენილი. Art Nouveau-ს სტილით გაფორმებული ფასადების მსგავსად, მნიშვნელოვანია მისი ინტერიერი, რომელიც მდიდრულად არის გაფორმებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შენობის პროექტი, ცნობილი არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ შედგა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. პროექტირების და მშენებლობის ბოლო ეტაპზე კი, მას ეხმარებოდნენ არქიტექტორი ი.კოლჩინი და ინჟინერი ს.რაზგილდევი.
ფასადზე მხატვრული ნაძერწი ფორმები შეასრულა თბილისურმა ფირმა „ნოვაკმა“. მშენებლობა ხუთი წელი გრძელდებოდა (1910-1915). თავდაპირველად, შენობა ორსართულიანი იყო, 1959-1960 წლებში კი მესამე სართულიც დაამატეს. წლების განმავლობაში შენობა ეროვნული ბანკს ეკავა. საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნულ შენობაში 2022 წელს განთავსდა
ნიშანდობლიავია, რომ 2024 წელს, აღნიშნული შენობის გადამისართება მოხდა და მას სულხან-საბას ქ. #1/ლეონიძის 3-5-ს სახელი მიენიჭა.სულხან-საბას ქუჩას თავდაპირველად ირაკლის შესახვევი ერქვა (1850-იანი წწ), შემდეგ ,,ფრეილინის“ (1884წ.), მერე ,,საბა-სულხანის“ (1924წ.), XX ს-ის შუა ხანებიდან კი ,,სულხან-საბას“ სახელი ეწოდა.
სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) - დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიპლომატი, რომელმაც ევროპისკენ გზა ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ გაკვალა, და რომლის ელჩობამაც ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებას საკმაოდ რთულ და წინააღმდეგობრივ ეპოქაში. თანამედროვე საქართველოს ევროპული მისწრაფება სწორედ სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური ძალისხმევის ერთგვარი გაგრძელება და შედეგია. დღეს, ქართველი დიპლომატები მის გამოცდილებასა და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, განუხრელად იცავენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და განამტკიცებენ საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
2017 წელს განხორციელდა შენობის საკონსერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოები.ინტერიერის ჭერი მოხატულია ოთხი კომპოზიციის ესკიზით, რომელსაც განსაკუთრებული შინაარსობრივი დატვირთა აქვს. კომპოზიციები ასახავს პირველი ქართველი დიპლომატის სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობას ევროპაში და მის შეხვედრას საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან და ცნობილი ქართველი დიპლომატის, 1629 წელს პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამომცემელის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის (ნიკიფორე ირბახის) მოღვაწეობას ქ.რომში.