დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.#193-ში მდებარე  ნაგებობა, „მეტრამვაიეთა საცხოვრებელი სახლების“ სახელწოდებით ცნობილი, 1926-1928 წლებში აგებული ერთიანი ანსამბლის ნაწილია.  იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში ფართოდ გაშლილი მშენებლობის პირველ ტალღას, ე.წ. პირველ ხუთწლეულს უკავშირდება; ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისში აგებული პირველი არქიტექტურული ანსამბლი. ამასთან, მოცემული არქიტექტურული კომპლექსი მნიშვნელოვანი საავტორო ნამუშევარია, იგი ეკუთვნის არქიტექტორ დავით ჩისლიევს, თბილისში უშუალოდ რევოლუციის წინა ხანებში და საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოღვაწე არქიტექტორს, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა უკავშირდება ქალაქში. საბჭოთა ხელისუფლების ამბიციებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფონდის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით, 1926 წელს დაარსდა ქალაქის საცხოვრებელთა სამმართველო, რომლის ინიციატივით დაიწყო აქტიური საბინაო მშენებლობა საზოგადოების მუშათა კლასისთვის, ისევე როგორც პროფესიული გაერთიანებებისთვის. „მეტრამვაიეთა საცხოვრებელი სახლების“ ანსამბლი წარმოადგენდა ერთგვარ მიკრორაიონს ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციით, რომელსაც საფუძვლად ედო განაშენიანების კომპლექსურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურებრივი სისტემა. არქიტექტორმა დ. ჩისლიევმა დააპროექტა 12 საცხოვრებელი კორპუსი რომლებიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა (რეალურად მხოლოდ 8 სახლის აშენდა). კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები.
ნაგებობათა ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავებისას ავტორი ადგილობრივ ეროვნულ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას მიმართავს და შუა საუკუნეების ქართული სატაძრო არქიტექტურის დეკორატიულ მოტივებს იყენებს, რაც სტილიზებული მცენარეული და ცხოველური ორნამენტების გამოყენებაში გამოიხატება, თუმცა გვხვდება XIX საუკუნის თბილისური საცხოვრებელი სახლების რეპერტუარიდან ნასესხები ფორმაც – სვეტებს დაყრდნობილი სამყურა თაღები, რომელთა საშუალებითაც დავით ჩისლიევი მოკრძალებული მასშტაბისა და კამერული იერის მქონე ხის აივნებიანი თბილისური სახლის საბჭოთა დედაქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებლის უფრო მასშტაბურ და პომპეზურ ენაზე „გადათარგმნას“ ცდილობს. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მოცემული ნაგებობა (ანსამბლში შემავალ დანარჩენ 7 შენობასთან ერთად) მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, როგორც საინტერესო მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტის მქონე ექსპერიმენტული საავტორო ნამუშევარი, მეორე მხრივ კი საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისში აგებული პირველი არქიტექტურული ანსამბლი.