დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #96-ში მდებარე XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და დომინანტურ როლს თამაშობს აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. შენობის საფასადო დეკორი, რომელიც როგორც ბაროკოულ, ისე არ ნუვოს არქიტექტურული სტილის მოტივებს მიმართავს, ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს. კარ-სარკმელთა თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებული ნაგებობის მთავარ სამშვენისს ქმნის დეკორატიული ფერადოვანი ნალესობა, მისი წყალობითაც ფასადი რეალურზე უფრო პოლიქრომიულად აღიქმება. მოწითალო-მოყავისფრო, ოხრისფერი და თეთრი ფილებით შექმნილი ფერადოვანი გეომეტრიული ნაყშის ფონზე სახლის ცენტრალურ ნაწილში შეკიდული რკინის აჟურული აივანიც კი “ქრება”. საფასადო კომპოზიციას სიმეტრიასა და მოწესრიგებულობას მატებს განაპირა რიზალიტები, რომლის თავზე არსებული პარაპეტიც მრუდხაზოვანი მოხაზულობის სამერცხლულით სრულდება. თაღოვანი ღიობების თავზე განთავსებული კაცის გროტესკული ჰორელიეფური თავები სახლის დამატებითი სამშვენისია.    
ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ინტერიერი მოზაიკური იატაკითა და კიბის ლითონის აჟურული მოაჯირით; კედლები გაფორმებულია სტუკოთი. აქ ვხდებით მცენარეულ მოტივებზე აგებულ ნაქანდაკარ გამოსახულებებს, გირლიანდებს, ჰორელიეფურ თავებს და სხვ.