დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #49/2-ში მდებარე  ნაგებობა,  ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული შენობაა მიმდებარე განაშენიანებაში, რომელსაც თავისი განვითარების ხანგრძლივი,  საინტერესო ისტორია აქვს. 1867 წლის გეგმაზე,  შენობა უკვე დატანილია  შესაბამის რუკაზე, საიდანაც ვგებულობთ, რომ მასში  რეალური გიმნაზია ყოფილა განთავსებული.  1907 წელს რეალური სასწავლებელი გადავიდა  გერმანელების, ამჟამინდელი კიევის ქუჩაზე, ხოლო ძველ შენობაში, კავკასიის გამნაღმველთა ბრიგადის შტაბი განთავსდა. როგორც ჩანს შენობამ კიდევ ერთი ცვლილება განიცადა, კერძოდ  1912 წლის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა უკვე ეკუთვნის კერძო პირს - ა. ი. კარალოვს, ხოლო რეკონსტრუქციის პროექტს  ხელს აწერს ინჟინერი – გ. ბარტი. 
ორსართულიანი შენობის მოზრდილი კორპუსი აღმაშენებლისა და მაზნიაშვილის ქუჩების გადაკვეთის მახვილი კუთხის შესაბამისად ვითარდება ორივე მიმართულებით, გადაკვეთის ადგილზე იგი „ჩამოჭრილია“ და გარკვეულ არქიტექტურულ-მხატვრულ მახვილს ქმნის. ეს არის კლასიცისტურ-რენესანსული მოტივებით გაფორმებული შენობა, რომლის ძირითად სახესაც განაპირობებს პილასტრებით სხვადასხვა სიგანის არეებად დაყოფილ კედლის სიბრტყეებში განთავსებული ღიობების ცოცხალი რიტმი.
შენობა, ისტორიული და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან შენობათაგანია, რომელთა ერთობლიობაც დღემდე განაპირობებს დავით აღმაშენებლის გამზირის მაღალმხატვრულ, მრავალფეროვან სახეს.